Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე: მოსახლეობაში საჭიროა დემოგრაფიული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ეროვნული და ოჯახური ღირებულებების პოპულარიზაცია, რამეთუ შობადობის შემცირება ძირითადად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ეროვნული ფასეულობებისა და ოჯახური ტრადიციების რყევა შეინიშნება

მარშალ პრესი 18/02/2026
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც დემოგრაფიის საკითხებზე ინტერპელაციის წესით უსმენდნენ პრემიერ-მინისტრის მოხსენებას. დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა დემოგრაფიულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საკითხი მოიცავს სახელმწიფო საზღვრებს, ადამიანურ კაპიტალს, შიდა კონფლიქტებსა და ერის დაბერებას. ხუნდაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთან მიმართებით არასახარბიელო პროგნოზსა და მის გავლენას საქართველოზე, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეზე:

„2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, ხოლო მეზობელი აზერბაიჯანის 53%-ით გაიზრდება, სომხეთის კი – 7%-ით. საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით დაპატარავდა და ეს ,რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი პოლიტიკური დომინანტის ფუნქციას რეგიონში“ – განაცხადა დეპუტატმა.

მისი სიტყვებით, ეროვნული და ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაცია, დემოგრაფიულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბარი და სოციალურ პაკეტებზე მუშაობა, იქნება ჯეროვანი პასუხი დემოგრაფიულ კრიზისებზე.

„იმიგრაცია, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, დემოგრაფიული პოლიტიკის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამ ნაწილში ატეხილი ქარიშხალი პირდაპირ მნიშვნელობით ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. სრულად ვემხრობი იმ არგუმენტებს და მონაცემებს, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. კითხვები კი, რომელიც აქ დასვა ზოგიერთმა ავტორმა, უფრო პოლიტიკური ქარიშხლისთვის არის, ვიდრე პრობლემებზე საუბრისთვის.
დემოგრაფია არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება. სწორედ ამიტომ გაერომ ის პოლიტიკების პოლიტიკად აღიარა. ეს არ არის მხოლოდ შობადობის აღწერა და სიკვდილიანობის თვლა. აქ მოსახლეობის ზრდა და კლება, სახელმწიფო საზღვრები, ადამიანური კაპიტალი, შიდა კონფლიქტები, ერის დაბერება და რა თქმა უნდა, მიგრაციული პროცესები ერთიან სურათშია განსახილველი.
საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები იწყება 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ჭარბი მიგრაცია. რა თქმა უნდა, დღევანდელი სურათიც არის ასახვა იმ წინა დემოგრაფიული მდგომარეობის, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაიწყო 90-იანი წლების შემდეგ.
საქართველოში შობადობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შედარებისათვის – ყველაზე მაღალი შობადობა ქვეყანაში 1961 წელს დაფიქსირდა, როცა 104 ათასი ახალშობილი გაჩნდა. 2024 წლის მონაცემით კი 40 ათასზე ნაკლებია შობადობის მაჩვენებელი და წლების განმავლობაში, კერძოდ კი 2017 წლიდან, ეს მონაცემი ყოველ წელს 1-2 ათასით კლებულობს.
მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა არის მნიშვნელოვნად დეფორმირებული, რადგან ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა, ვიდრე ბავშვთა რაოდენობა. ისევ შედარებისათვის – მე-20 საუკუნის შუა ხანებში 741 ათასით ჭარბობდა ბავშვების რაოდენობა მოხუცებულთა რაოდენობას.

დღეს მხოლოდ 170 ათასით ჭარბობს, ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას. ერი არის დაბარებული, თუმცა აქ გაიჟღერა ტერმინმა – გადაბერება, ასეთი ტერმინი უბრალოდ არ არსებობს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მე მოვიტან გერმანიის კანცლერის, მერცის განცხადებასაც იმის შესახებ, რომ გერმანიას არ შეუძლია არმიის გაზრდა – გერმანელები აღარ აჩენენ ბავშვებს. ეს საკითხი საქართველოსთვისაც პირდაპირ უსაფრთხოების ხაზზე გადის, რადგან როცა ჯარის შევსება არ ხდება, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ეს თავდაცვისუნარიანობას ეხება და ამ კუთხითაც გვაქვს რისკები. ასე რომ, დემოგრაფია სახელმწიფო უსაფრთხოების განუყოფელი კომპონენტია. როცა ქვეყნაში მოსახლეობის 7%-ზე მეტია ხანდაზმული, ერი დაბერებულად მიიჩნევა. შედარებისთვის, მსოფლიოში 8%-ია ეს მაჩვენებელი, განვითარებულ რეგიონებში 16%, ევროპაში 17%, აფრიკაში 3%, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 6%, ცენტრალურ ამერიკაში 5%, ხოლო საქართველოში ესაა 16-17%. სამომავლო პროგნოზიც არასახარბიელოა: საქართველოში 2030 წლისთვის მილიონს მიაღწევს ხანდაზმულთა რაოდენობა. აქ, რა თქმა უნდა, ისევ უსაფრთხოების საკითხზე გავდივართ. შემოდის ფინანსური უსაფრთხოებაც, როცა მწარმოებელ ფენას მნიშვნელოვნად აჭარბებს ფინანსური რესურსის მიმღებთა რაოდენობა და, ვფიქრობ, რომ აქაც სწორი პოლიტიკაა გასატარებელი. ამას ემატება გარე მიგრაციაც. ეს სურათი წლების განმავლობაში არასახარბიელოა, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა შეინიშნებოდა 2009-2011 წლებში, როცა მიგრაციული სალდო ორნიშნა უარყოფითი რიცხვით იყო წარმოდგენილი. უარყოფითი ორნიშნა მაჩვენებელი 2023 წელსაც დაფიქსირდა, თუმცა ეს უკრაინის ომით იყო განპირობებული. ბოლო წლებში კი პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ემიგრაციაში მყოფი ოჯახები ნაკლებად ცდილობენ შვილის ყოლას – გადავადება ხდება, რადგან წყვილები ცდილობენ ადგილის დამკვიდრებასა და ცხოვრების მოწყობას. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ცოლ-ქმარი შობადობას, ბუნებრივია, ვერ ზრდის. პრობლემები არის შიდა მიგრაციული თვალსაზრისითაც: ქვეყანაში დაახლოებით 204 სრულად გაუკაცრიელებული სოფელია, ხოლო 187 სოფელში ცხოვრობს 2-5 ადამიანი. აქაც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე გავდივართ, რადგან ეს სოფლები ძირითადად არის სასაზღვრო ზოლში და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა უკეთ იცავს საზღვარს. სამხრეთ კავკასიის დემოგრაფიული სურათიც ჩვენთვის არასახარბიელოა, რადგან გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, ხოლო მეზობელი აზერბაიჯანის 53%-ით გაიზრდება, სომხეთის კი – 7%-ით. საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით დაპატარავდა და ეს ,რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი პოლიტიკური დომინანტის ფუნქციას რეგიონში. შესაბამისად, ჩვენთვის პერსპექტიული პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხიც დგება. აქ რეკომენდაციებს მინდა შევეხო: პრემიერს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მოსახლეობაში საჭიროა დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებთან დაკავშრებით ცნობიერების ამაღლება. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული და ოჯახური ღირებულებების პოპულარიზაცია. ესაა მთავარი ინსტრუმენტი, რამეთუ ზოგადი სურათი აჩვენებს, რომ შობადობის შემცირება ძირითადად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ეროვნული ფასეულობებისა და ოჯახური ტრადიციების რყევა შეინიშნება. აქვე, უმაღლეს სასწავლებლებში პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა დაემატოს დემოგრაფიის მიმართულება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტში საკითხის პოპულარიზაციასა და კვოტების გამოყოფას. დემოგრაფია, როგორც საგანი, უნდა ისწავლებოდეს შესაბამის ფაკულტეტებზე და სკოლებისთვის მომზადდეს საქართველოს დემოგრაფიული ისტორიის სახელმძღვანელო, თუნდაც დამატებით საკითხავი ლიტერატურის სახით. რა თქმა უნდა, პროპაგანდა და ოჯახური და ეროვნული ფასეულობების გაძლიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ გადამწყვეტია სოციალური პაკეტი. ის უკვე არსებობს, მაგრამ აუცილებელია მისი მეტად დახვეწა. ამ ნაბიჯებით ჩვენ, პირველ რიგში, უნდა შევძლოთ დემოგრაფიული კრიზისის შეჩერება, ეს იქნება გატარებული პოლიტიკის მაღალი ეფექტი“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება
Next: წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.