Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სტრასბურგის სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

მარშალ პრესი 30/06/2022
სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს:

“2022 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

მომჩივანი – ბაჩანა ახალაია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ 2012-2014 წლებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას – 9 თვეს.

მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) კონვენციის მე-18 მუხლთან (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) ერთობლიობაში).

ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არ ყოფილა გამოძიების განზრახ გაჭიანურება ან რაიმე თვითნებობა საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს.

რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია, ასევე დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.”– ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

Post navigation

Previous: რა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ალიანსი, პირდაპირ რუსეთიდან იმართებიან ეს მოღალატეები და ჰგონიათ მტერს თუ შეეკვრებიან, ხელისუფლებაში მოვლენ
Next: დარწმუნებული ვართ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ვერავინ ახსნის, რას აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.