usa
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.
ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.
„ევროკომისია მუშაობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სიტყვის გაკონტროლების გზით. ყველაზე თვალშისაცემია ის, რომ 2024 წელს ევროკომისიამ გამოსცა „ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ (DSA) საარჩევნო მითითებები, რომლებიც პლატფორმებს ავალდებულებს გადადგან დამატებითი ნაბიჯები ცენზურისკენ მნიშვნელოვანი ევროპული არჩევნების წინ“, – ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში.
„მას შემდეგ, რაც 2023 წელს ძალაში შევიდა „ციფრული მომსახურების შესახებ აქტი“ (DSA), ევროკომისია ახდენდა ზეწოლას პლატფორმებზე კონტენტის ცენზურის მიზნით სლოვაკეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის ეროვნული არჩევნების წინ, 2024 წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად. კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი არასაჯარო დოკუმენტები ადასტურებს, თუ როგორ ახდენდა ევროკომისია რეგულარულად ზეწოლას პლატფორმებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული არჩევნების წინ, რათა არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაეყენებინა კონსერვატიული ან პოპულისტური პოლიტიკური პარტიები“, – აცხადებენ კომიტეტში.
გარდა ამისა, შეხვედრების არასაჯარო დღის წესრიგები და ოქმები აჩვენებს, რომ ევროკომისია არჩევნების წინ რეგულარულად მართავდა შეხვედრებს ეროვნულ მარეგულირებლებთან, მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პლატფორმებთან, რათა განეხილათ, თუ რომელი პოლიტიკური შეხედულებები უნდა დაქვემდებარებოდა ცენზურას.
ევროკომისია ასევე დაეხმარა „სწრაფი რეაგირების სისტემების“ ორგანიზებას, სადაც მთავრობის მიერ დამტკიცებულ მესამე მხარეებს მიენიჭათ უფლებამოსილება, წარედგინათ პრიორიტეტული მოთხოვნები ცენზურის შესახებ, რაც თითქმის ექსკლუზიურად მმართველი პარტიის ოპოზიციას ისახავდა მიზნად.
TikTok-მა ევროკომისიას წარუდგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ მან ცენზურა გაუწია სავარაუდო „დეზინფორმაციის“ 45,000-ზე მეტ ერთეულს, მათ შორის მკაფიო პოლიტიკურ განცხადებებს ისეთ თემებზე, როგორიცაა „მიგრაცია, კლიმატის ცვლილება, უსაფრთხოება და თავდაცვა, და ლგბტქ უფლებები“.
