დღეს ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოიშალა. მიდის პირდაპირი ბრძოლა სახელმწიფოს სულისთვის, მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები – არის შესაძლებლობა ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვების, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატების დროს.
პირველი კანონმდებლის თქმთ, წლების განმავლობაში უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობა და ორგანიზაციები სახელმწიფოს მართვის პროცესებში მონაწილეობდნენ და მისივე შეფასებით, უცხოური დაფინანსებით გარკვეული ქსელი შეიქმნა, რომლის წევრებიც ლოიალურები არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ დამფინანსებლის მიმართ იყვნენ.
„უცხოური გავლენის არაგამჭვირვალობა აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. უცხოური ჩარევა იწვევს პოლარიზაციას, არჩევნების დამახინჯებასა და დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენებას” – ეს არის ამონარიდი ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის აქტის შეფასების დოკუმენტიდან, ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციიდან. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ არა ვიწრო ჭრილში, არამედ უნდა დავინახოთ ფართო სურათი. სინამდვილეში ეს კანონი და კანონთა წყება, ზოგადად გამჭვირვალობის თემა, ეს არის არა იმდენად ბუღალტრული თუ „ენჯეო” საკითხები, არამედ ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი. ეს კანონი თავისი არსით წინ უსწრებდა იმ გეოპოლოტიკურ პროცესებს, რომელსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით.
დღეს ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოიშალა, მიდის პირდაპირი ბრძოლა სახელმწიფოს სულისთვის, მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები – არის შესაძლებლობა ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვების. სწორედ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, რომ დაიცვას საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი ხალხი სხვა ქვეყნების გავლენისგან და იმ გეოპოლოტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ,
ეს კანონთა წყება, ამავდროულად არის რეაქცია იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში. უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობა და ორგანიზაციები სხვადასხვა დონეზე, მმართველობის პროცესებში იყვნენ ჩართულნი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედი“ და მისი დამფინანსებლები შეთანხმდნენ და შეთქმულება მოაწყვეს არჩევნების წინააღმდეგ, როდესაც მათ გააყალბეს არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგები.
„ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება იყო სიგნალი იმისა, რომ უცხოური დაფინანსებით შეიქმნა ქსელი ჯგუფებისა, რომლებიც ლოიალურები არა საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, არამედ დამფინანსებლის მიმართ იყვნენ. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედი” და მისი დამფინანსებელი შეთანხმდნენ და შეთქმულება მოაწყვეს არჩევნების წინააღმდეგ, როდესაც მათ გააყალბეს არჩევნების შედეგები. ამას მოყვა სხვა პროცესები. ჩვენ ვნახეთ რა იყო ამის მიზეზი. რატომ იყო ასეთი გამალებული მცდელობა ხელისუფლების შეცვლისა. 2022 წელს ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, იგივე ჯგუფები როგორ გამოიყვანეს რუსთაველზე, რომლებიც ბომბების წვიმას და „შესაძლებლობის ფანჯრის” გამოყემებას ითხოვდნენ. შემდეგ ვნახეთ 2022 წლის ივნისი, როდესაც იგივე ორგანიზაციები რუსთაველზე გამოიყვანეს, ამჯერად მთავრობის შემადგენლობაში არარჩეული ხალხის ყოფნის მოთხოვნით. ამიტომ ეს არის გლობალური და არა ლოკალური საკითხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
