ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტრულად არის განწყობილი ევროკავშირის იდეის მიმართ. პრემიერის თქმით, „როდესაც ის [ტრამპი] ამბობს, რომ უყვარს ევროპა, სინამდვილეში გულისხმობს, რომ მას უყვარს 27 ცალკეული ქვეყანა, რომლებიც ან ვასალურ პირობებში იქნებოდნენ, ან მონური დამოკიდებულებით იცხოვრებდნენ“.
მისივე განცხადებით ევროკავშირის ეკონომიკა ერთადერთი ძალაა, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წინააღმდეგობა გაუწიოს— და “მას ეს არ მოსწონს“. ბელგიის პრემიერმა ეს განცხადებები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გააკეთა, სადაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და დონალდ ტრამპის პოლიტიკურ შეხედულებებს განიხილავდა. როგორც მან აღნიშნა, ევროპამ წითელი ხაზები უნდა გაავლოს და თავისი პოზიცია გამოხატოს. „ჩვენ ამ ყველაფრის მსხვერპლები ვიქნებით და რა თქმა უნდა, თუ ალიანსში ძალადობით გემუქრებიან და იქვე წითელ ხაზს არ გაავლებთ, მაშინ საერთოდ სად უნდა გაავლოთ? ასე რომ, ჩვენ მშვიდად, თავაზიანად გადავეცით ჩვენი გზავნილი. ამის თქმა შემიძლია. არ ვიტყვი, შემდეგ როგორი რეაქცია გვქონდა. არ მგონია, უახლოეს მომავალში თეთრ სახლში მიმიწვიონ. მოდი, ამაზე შევჩერდეთ“- განაცხადა ბელგიის პრემიერმა.
