აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი იგივე ბედს გაიზიარებს, რასაც ვენესუელა, თუ სწრაფად არ დათანხმდება გარიგებას და ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის.
„ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის მოძრაობს სწრაფად, დიდი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზნით. ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ მეთაურობით ფლოტი იმაზე უფრო დიდია, რაც ვენესუელაში იყო გაგზავნილი. ვენესუელის შემთხვევის მსგავსად, ის მზად არის და შესწევს ძალა შეასრულოს მისია, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ძალადობას. იმედი მაქვს, რომ ირანი სწრაფად „დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან“ და დადებს სამართლიან და თანაბარუფლებიან შეთანხმებას – არა ბირთვულ იარაღს – რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები. დრო იწურება. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის ლიდერმა გასული წლის ივნისში ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა გაიხსენა და დასძინა, რომ, თუ თეირანი ახლაც უარს იტყვის გარიგებაზე, „შემდეგი დარტყმა იქნება ბევრად უარესი“.
