დებატები რომ პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს ნათელია და ამაზე კამათი არ ღირს. ნებისმიერი ტელევიზია, რომელიც პროპაგანდისტული ახირებით არ მუშაობს, რასაკვირველია, დებატებს დიდი სიხარულით უნდა ატარებდეს, თუმცა, არსებობს კულისებს მიღმა არსებული რეალობა, რაც უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ- წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.
მაღლაფერიძის თქმით, საქართველოს პირველი არხი მუდამ იყო მზად დებატების მოწყობისთვის, თუმცა, ამბობს, რომ სრულფასოვანი დებატებისთვის მხოლოდ ტელევიზიის მონდომება საკმარისი არ არის. ის იხსენებს წინა წლების ცუდ გამოცდილებას დებატების გამართვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გასათვალისწინებელია. „ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა, რაც საზოგადოებამაც უნდა იცოდეს. საქართველოს პირველი არხი მუდმივად ცდილობდა დებატების მოწყობას, მათ შორის წინასაარჩევნოდ, მაგრამ სრულფასოვანი დებატი არასდროს გამოვიდა, ვინაიდან საამისოდ მხოლოდ ტელევიზიის სურვილი და მონდომება არ კმარა:
ა) დებატების ჩატარების მცდელობას, როგორც წესი, წინ უძღვის დაუსრულებელი მსჯელობა და პრეტენზიები, ვინ ვისთან უნდა დაჯდეს სადებატოდ და, საბოლოოდ, ხშირად ასე ხდება იმიტომ, რომ ეს პროცესი უშედეგოდ დამთავრდეს. მაგალითად 2024 წლის შემოდგომაზე, არჩევნების წინ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ საბოლოოდ მაინც უარი თქვა დებატებში მონაწილეობაზე.
ბ) 2024 წლის 4 დეკემბერს, თითქოს ნავსი უნდა გატეხილიყო, ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა და პაპუნა ჯანელიძემ თავად მოითხოვეს დებატები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლებმაც, თავის მხრივ, თანხმობა განაცხადეს დებატებში მონაწილეობაზე.
გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ ერთ დებატს მეორე მოჰყვებოდა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგი დაიწყებოდა. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პირველმა არხმა დაუყონებლივ შეცვალა სამაუწყებლო ბადე და 4 დეკემბერს 22.00 დებატები ჩაინიშნა, თუმცა, იმავე საღამოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს და დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. 2025 წლის იანვარში დებატების ჩატარების კიდევ ერთი მცდელობა იყო, ამჯერად ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც წინ ასევე ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღვოდა. თანხმდებოდა ყოვლად უმნიშვნელო ისეთი საკითხებიც კი, რის შესახებაც, წესით, პროდუსერი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ტელევიზია ამჯერადაც ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა და, მიუხედავად ამისა, თითქმის ბოლო წუთამდე მაინც არ იყო ცნობილი, შედგებოდა თუ არა დებატები. დებატები შედგა, თუმცა, მუდმივი შეურაცხყოფის, სიტყვის გაწყვეტინების და ყვირილის ფონზე, ისე რომ მაყურებელს არც ესმოდა, ვინ რას ამბობდა. ამ გადაცემას შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ შემდგომ დებატებში მონაწილეობაზე ყველა კატეგორიულ უარს აცხადებდა. ეს ის ცუდი გამოცდილებაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავძლიოთ. თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მზად არის, რომ დაიწყოს დებატები და მცდელობას არ დააკლებს, რომ ეს პროცესი ნორმალურად წარიმართოს.- წერს მაღლაფერიძე
