გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას და იმედს ვიტოვებთ, რომ, საბოლოო ჯამში, „ბიბისი“ ბოდიშს მოიხდის საქართველოს წინაშე ამ რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციისა და ტყუილების გავრცელების გამო, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს ჰიბრიდული შეტევა, მათ შორის საინფორმაციო მიმართულებით, მაგრამ ასეთი ტიპის ტყუილს სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად სჭირდება.
„რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლება დგამს იმ გზებით და საშუალებებით, რაც ამ ეტაპზე ჩვენს ხელთაა. ბრიტანეთს თავისი წესები აქვს და რამდენიმეეტაპიანი პროცესია. მომჩივანმა თავად მედიასაშუალებაში უნდა გაასაჩივროს, შემდეგ არის ბრიტანული მარეგულირებელი და ბოლოს – სასამართლო. ჩვენ ყველა ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და იმედს ვიტოვებთ, „ბიბისის“ ფარგლებშივე ეს საკითხი მოგვარდება და „ბიბისი“, საბოლოო ჯამში, ბოდიშს მოიხდის საქართველოს წინაშე ამ რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციისა და ტყუილების გავრცელების გამო.
ამ ფილმის მიზანი იყო, რომ ტყუილ-მართალში არეული ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და შემდეგ დაეზიანებინათ საქართველოს ხელისუფლების, ზოგადად ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო არენაზე. დღეს და იმ პერიოდის შემდეგ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რა განცხადებებიც გაკეთდა და რა კონტექსტშიც გამოიყენეს ეს ტყუილები, სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, მოფიქრებული და გააზრებული საინფორმაციო შეტევა საქართველოზე. მისი ერთადერთი მიზანი სწორედ ეს იყო. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, ამავე საშუალებებით და ფორმებით, რა ფორმებითაც და მეთოდებითაც ეს ტყუილები გავრცელდა, „ბიბისიმ“ ასევე დაადასტუროს, რომ ეს იყო არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და საქართველოს რეპუტაციული ზიანი ამ გზით გამოასწოროს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.
