„აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილება – საქართველოსთვის ვენეციის კომისიის „იურიდიული ქოლგის“ დასასრულს ნიშნავს. განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ეს ორგანიზაცია საქართველოსთვის აღარ წარმოადგენდა დაცვის ინსტრუმენტს,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ტრამპის გადაწყვეტიებას აფასებს, რომლის თანახმად, შტატები წყვეტს თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან.
დავით ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახეზეა ისეთი სტრუქტურების შესუსტება, როგორიცაა ნატო და გაერო. შესაბამისად, მისი აზრით, საქართველომ უარი უნდა თქვას ილუზიებზე და იმუშაოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაღრმავების მიმართულებით, რაც აუცილებელია საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის.
„აშშ-ის ადმინისტრაციის ბოლო გადაწყვეტილებები და რიტორიკა NATO-ს, გაეროს და ვენეციის კომისიის მიმართ საქართველოსთვის არა აბსტრაქტულ, არამედ პირდაპირ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. საუბარი არ არის მხოლოდ ტონალობის ცვლილებაზე ან დროებით რყევებზე – ეს არის იმ საგარეო საყრდენი კონსტრუქციის რღვევა, რომელზეც საქართველო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აშენებდა თავის როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკურ ლოგიკას.
ათწლეულებია საქართველო დამოკიდებული იყო ისეთ საგარეო აქტორებზე, რომლის არც წევრი გახლდათ (NATO, ევროკავშირი) და არც გაეროში გადაწყვეტილებების ბლოკირების ან ვეტოს უფლების მქონე სუბიექტი. ამავდროულად კრიტიკულად იყო დამოკიდებული ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებზე, რომლებიც: ლეგიტიმაციას ანიჭებდნენ რეფორმებს; ზღუდავდნენ გარე ზემოქმედებას; მოქმედებდნენ როგორც „გარე არბიტრი“ კრიზისებსა და კონფლიქტებში. აშშ-ის ახალი კურსი ცალსახად ნიშნავს ერთ რამეს – ეს არბიტრები თამაშიდან გადიან.
აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვენეციის კომისიის „იურიდიული ქოლგის“ დასასრულს ნიშნავს. განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ეს ორგანიზაცია საქართველოსთვის აღარ წარმოადგენდა დაცვის ინსტრუმენტს „არადემოკრატიულობის“ ბრალდებებისგან, შიდა რადიკალური სცენარებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობებისგან.
აშშ-ის ფაქტობრივი გასვლა ამ სტრუქტურიდან ნიშნავს: კომისიის პოლიტიკური წონის მკვეთრ შემცირებას, მისი სტატუსის, როგორც „უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების“ დაკარგვას და ამერიკული პოლიტიკური ზურგის გაქრობას. ასევე, ტრამპის მიერ NATO-სთვის გამოტანილი დიაგნოზი აუცილებლად გამოიწვევს საქართველოსთვის უსაფრთხოების ილუზიის დაშლას, როგორც წლების განმავლობაში ქვეყნის სტრატეგიის, რომელიც ეფუძნებოდა იმის დაშვებას, რომ NATO-ში ეტაპობრივი ინტეგრაცია (წევრობის გარეშე) მაინც ქმნიდა პოლიტიკურ და სამხედრო შეკავების ზონას. ახალი რეალობა ამ ლოგიკას ანგრევს. როდესაც NATO თავის საკრალურ ალიანსს ტრანზაქციულ კონტრაქტად გარდაქმნის, ალიანსის გარეთ მყოფი ქვეყნისთვის შედეგი აშკარა იქნება: არ არსებობს აღარანაირი „არაპირდაპირი დაცვა“, პარტნიორის სტატუსი კარგავს ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ წონას, პრიორიტეტი ენიჭებათ იმ წევრებს, რომლებიც იხდიან, უზრუნველყოფენ და სარგებლიანები არიან.
საქართველოსთვის ეს ნიშნავს NATO-ს მისიებში მონაწილეობის ღირებულების შემცირებას, მოთხოვნების ზრდას გარანტიების გარეშე და უსაფრთხოების „ბუფერული ზონის“ გაქრობას. მარტივად რომ ითქვას: საქართველო საკუთარ გეოგრაფიასთან პირისპირ მარტო რჩება. ჩვენთვის ასევე სუსტდება უკანასკნელი უნივერსალური ტრიბუნა – გაეროს სახით, რომელიც აქამდე იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების პლატფორმა; საერთაშორისო ხილვადობის მექანიზმი; მორალურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციის წყარო.
გაეროს დასუსტება აშშ-ის მხრიდან, მისი საკვანძო მექანიზმების დატოვების გამო, ნიშნავს: რეზოლუციების ეფექტიანობის დაცემას; „გაყინული კონფლიქტების“ მიმართ ყურადღების შემცირებას, გაეროს გარდაქმნას დისკუსიურ კლუბად რეალური ბერკეტების გარეშე.
საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან როდესაც უნივერსალური პლატფორმები სუსტდება, იგებენ რეგიონული დესტრუქციული ძალები. ამ ახალი რეალიების პირობებში, საქართველომ უარი უნდა თქვას აქამდე არსებულ ყველანაირ ილუზიაზე; გაამყაროს სახელმწიფო ინსტიტუტები არა საგარეო ვალდებულებისა და ანგარიშებისთვის, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის მდგრადობისთვის. „სიმბოლოების პოლიტიკიდან“ მან უნდა გადაინაცვლოს „გათვლის პოლიტიკაზე“ – უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში, და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა რადიკალიზაცია. აშშ-ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა არც ანტიევროპულია და არც ანტიქართული.
ეს არის „ცივი შხაპი“, ნიშნად ეპოქის დასასრულისა, რომელშიც მცირე სახელმწიფოებს შეეძლოთ ინსტიტუტებზე დაყრდნობა, სადაც საერთაშორისო ნორმები აბალანსებდნენ ძალის დეფიციტს, ხოლო გარე არბიტრები შიდა კრიზისებს ასუსტებდნენ.
საქართველოსთვის ეს ნიშნავს ერთადერთს – გარე საყრდენი სუსტდება, შეცდომების ფასი იზრდება, ხოლო სუვერენიტეტზე პასუხისმგებლობა აბსოლუტური ხდება. გარე არბიტრების გარეშე სამყაროში გადარჩებიან არა ისინი, რომლებიც სწორ ფორმულირებებსა და კონკრეტულ საკონსტიტუციო ჩანაწერებს ფლობენ, არამედ ისინი, რომლებსაც გააჩნიათ შიდა ბალანსი, სახელმწიფო დისციპლინა და ცივი, რეალისტური გათვლა გუშინდელ, გაუფასურებულ და გაკოტრებულ გარე არბიტრებზე ყოველგვარი სწორების გარეშე,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
