„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებას ეხებოდა.
პრემიერის თქმით, „ალდეს“ აქვს ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ“ ტელევიზიის მხრიდან.
„ეს არის მარტივი, კოორდინირებული სქემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. მარტივი სიყალბე გაავრცელეს. „ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამაზე უნდა წუხდეს „ალდე“ და ამ დროს, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ“ ტელევიზიის მხრიდან. ასე გაირკვა, რომ „ფეიკ“ ტელევიზიამ გაავრცელა კონკრეტული ყალბი ინფორმაცია. „ალდე“ დღეს უნდა წუხდეს სწორედ ამაზე, რომ მისი წევრი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ამაზე უნდა წუხდეს, თუმცა „ალდე“ ცდილობს, სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც კონკრეტულად ამ ევროპულ პარტიაშია შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
