საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
დოკუმენტი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით სულ დამუშავდა 902 ინფორმაცია. ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა დაინტერესებული მხარეების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის, მისი ხელმძღვანელი პირებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა, დეზინფორმაციული, მანიპულაციური და იმიჯის შემლახავი განცხადებები. დამუშავებული ინფორმაციიდან 143 იყო დეზინფორმაცია, 128 მანიპულაცია, 8 კი იმიჯის შემლახავი.
მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გამავრცელებლები ძირითადად იყვნენ ცალკეული მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო აქტორები. საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. მსგავსი რიტორიკა სავარაუდოდ მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცესკოს ხელმძღვანელი პირების მიმართ საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენა/დამკვიდრებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯის დაზიანების მცდელობით, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით უნდობლობის გამოწვევის მცდელობას.
აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად დაინტერესებული მხარეები იყენებდნენ ერთსა და იმავე სქემატურ მოდელს. კერძოდ, დეზინფორმაციის ტალღა უმეტესად იწყებოდა კონკრეტული აქტორის მიერ სოციალურ ქსელში კონკრეტულ საკითხზე გამოქვეყნებული არასწორი და მანიპულაციური შინაარსის განცხადების გამოქვეყნებით. შემდგომ კი თემის განვრცობა და ინტერპრეტირება ხდებოდა ცალკეული მედიასაშუალებებით, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების საშუალებით. აღნიშნული განპირობებული იყო არა ობიექტური შეფასებით, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით.
მოცემულ საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობისკენ. ზემოთ აღნიშნული აქტორების სავარაუდო მიზანს წარმოადგენდა 4 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მიმართ უნდობლობის გაჩენა.
ცხადია, რომ დეზინფორმაციული კამპანიები ქმნის რისკს, არჩევნების მიმართ ნდობის ხელოვნურად შემცირებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საინფორმაციო გარემოს მიზანმიმართული მანიპულირება წარმოდგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და სათანადო რეაგირებას, რათა საზოგადოებას მიეწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია.
სწორედ ამ მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება და საზოგადოებას მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.
ანგარიში იხილეთ ბმულზე:
