Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო

მარშალ პრესი 25/11/2025
001

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის იმ გამოცდილებაზე, რომელიც ადმინისტრაციამ ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში დააგროვა.

საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა ინფორმირება, მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართე ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან, სადაც განვიხილეთ საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული გამოცდილება. ასევე ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან და დეზინფორმაციის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით. შევთანხმდით დელეგატებთან სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, ისევე როგორც სხვადასხვა საარჩევნო აქტივობებში ორი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობასა და მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრმა აპივან საქსესმა – “გულწრფელად მადლიერები ვართ ამ შესაძლებლობისთვის და ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა. ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისგან. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ თქვენი საინტერესო გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ. თავმჯდომარის პრეზენტაცია იყო ძალიან ინფორმაციული. ისეთი ცოდნა მივიღეთ, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის გამოვიყენებთ“.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი დეზინფორმაციის რეესტრისა და ზოგადად დეზინფორმაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნულის შესახებ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა ქეთევან ქარენაშვილმა გააცნო.

ტაილანდის სამეფოს მეფე პრაჯადჰიპოკის ინტიტუტის წარმომადგენლობით დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, სენატორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

Post navigation

Previous: ეს არის ჰიბრიდული ომის ფორმა, რათა მოსახლეობა აქციონ ადვილად მართვად ბიომასად
Next: ივანიშვილს ეუბნებიან ეს ფული შენია, მაგრამ მიიღებ მაშინ, როდესაც წესიერად მოიქცევი – გია ხუხაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.