იანუს კოზეცინში: 2008 და 2014 წელს, ღიად ვამბობ, რომ დასავლეთის რეაქცია არ იყო ელვისებურად სწრაფი

IMG.GE

პირადად მე, არ ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ნატო წარმოადგენს საფრთხეს, კრემლშიც არავინ ფიქრობდა, რომ ნატო უახლოეს მომავალში გაფართოვდებოდა, რადგან შესაბამისი კონსენსუსის მიღწევა რთული იყო, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა იანის კაზოცინშმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ვიხსენებ წარსულს, მათ შორის, 2008 და 2014 წელს, ღიად ვამბობ, რომ დასავლეთის რეაქცია არ იყო ელვისებურად სწრაფი. ახლა სრულიად განსხვავებულ ვითარებაში ვართ. მალე ნატო-ს სამიტი ჩატარდება და ვნახავთ, რა სახის შეთანხმებებზე შეგვიძლია საუბარი. სხვათა შორის, ომამდე უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების იმედს გამოთქვამდა, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ახლო მომავალში არ მოხდებოდა. პირადად მე, არ ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ნატო წარმოადგენს საფრთხეს, კრემლშიც არავინ ფიქრობდა, რომ ნატო უახლოეს მომავალში გაფართოვდებოდა, რადგან შესაბამისი კონსენსუსის მიღწევა რთული იყო. ევროკავშირი კი, რუსეთის ფედერაციისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, რადგან სწორედ ევროკავშირია კარგი მმართველობის მაგალითი. და თუ უკრაინა შეძლებს ამას, როგორც თავისუფალი სახელმწიფო, სადაც პატივს სცემენ ინდივიდუალურ უფლებებს, მაშინ რუსეთშიც ბევრს გაუჩნდება კითხვა, უფრო „დიდი ძმა“ რუსეთი რატომ ვერ ახერხებს ამას. სწორედ ეს გზა არ აწყობდა კრემლს. ახლა რუსეთიც სწავლობს მწარე გაკვეთილებს. მათ ეგონათ, რომ უკრაინის კარზე დააკაკუნებდნენ და სახლი დაინგრეოდა, მაგრამ შეცდნენ. რაც შეეხება რუსეთის შეჩერების გზებს, 2014 წელს რუსეთი ფიქრობდა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის შემდეგ ექვს თვეზე მეტხანს არ გაგრძელდებოდა, ახლაც ასე ფიქრობენ. დასავლეთმა მიიღო სანქციების ყველაზე ძლიერი პაკეტი, რაც კი ოდესმე დაწესებულა ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ და ის დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მძიმე დაამძიმებს რუსეთის ეკონომიკას. რამდენად მდგრადი აღმოჩნდება რუსეთი სანქციების მიმართ, დრო გვაჩვენებს. რუსეთს 40 წლის განმავლობაში არსად ჩაუდია ინვესტიცია გარდა ნავთობის, გაზის, ნახშირისა და იარაღის წარმოებისა. ასე რომ, აუცილებლად მივლენ ჩიხამდე. გვჯერა, რომ არსებობს შანსი, რომ რუსეთი დაიწყებს ცვლილებებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის დემოკრატიული იყოს“, – განაცხადა იანის კაზოცინშმა.

მისი თქმით უკრაინაში უკან დახევის შემთხვევაშიც კი, რუსეთი არსად გაქრება.

„უკრაინაში უკანდახევის შემთხვევაშიც, რუსეთი არსად გაქრება და რეგიონში ზესახელმწიფოდ დარჩება, შესაბამისად, დარჩება საფრთხედ როგორც საქართველოსთვის, ისე ბალტიისპირა ქვეყნებისთვის. განსხვავება ჩვენს შორის ისაა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ვართ და პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენჯერმე თქვა, რომ ნატო მისი წევრი სახელმწიფოების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს. ის, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი სახელმწიფო არ არის, ამიტომაც ვართ არაჯანსაღ მდგომარეობაში. მეზობლის შეცვლა რომ შეგვეძლოს, რა თქმა უნდა, ჩვენც და დარწმუნებული ვართ, საქართველოც, შვეიცარიის მეზობლად ყოფნას ამჯობინებდა, თუმცა ისეთი გეოგრაფიული მოცემულობა გვაქვს, ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ, როგორ შეგვიძლია მაქსიმალური უსაფრთხოების მიღწევა“, – განაცხადა იანის კაზოცინშმა.

IMG.GE
გაზიარება