IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონპროექტს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეპიდუსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს კრიზისის სწორად მართვის ბერკეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოუწიოს.

„არის შესაძლო მეორე ტალღის მოლოდინი და ბევრი ქვეყანა მეორე ტალღისთვის ემზადება. ზოგიერთ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა. მაგალითად, ბრაზილიაში, ამერიკაში, ინდოეთში, ისრაელში. ამ ქვეყნებში შეინიშნება ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. ამიტომ, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, კრიზისი სწორად მართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რაც უკვე პოლიტიკურ პროცესს საფრთხეს შეუქმნის, მით უმეტეს, მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და საგანგებო მდგომარეობის შესაძლო არსებობის შემთხვევაში, არჩევნები ვერ ჩატარდება. სამი ძირითადი მიზანი გვაქვს – მოსახლეობის ჯანმრთელობა დავიცვათ, ეკონომიკას არ მიადგეს შეუქცევადი ზიანი და ასევე პოლიტიკურ პროცესს არ უნდა შეექმნას საფრთხე. თუ კანონის ვადები არ გაგრძელდება, არჩევანი გვრჩება, რომ ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა მივიღოთ, რაც კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ეკონომიკას და უფრო მძიმე იქნება მოქალაქეებისთვის. ხელისუფლებამ პროცესი აქამდე სწორად მართა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მთავრობას უფლებების ლეგიტიმაციას პარლამენტი აძლევს. პარლამენტის როლი არის შეუცვლელი, რადგან მას ყოველთვის აქვს უფლება, საზედამხედველო ფუნქცია შეასრულოს და მთავრობის ნებისმიერი ქმედება გააკონტროლოს, მაგრამ ამასთან, მთავრობას ვაძლევთ ბერკეტს, პროცესი ისე სწორად მართოს, როგორც აქამდე აკეთებდა”, – განაცხადა ხუნდაძემ.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 15 ივლისამდე არის განსაზღვრული, ცვლილებებით ვადის 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელება იგეგმება. კერძოდ, ცვლილებით, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება