საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის საველე სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. სწავლება-შეფასება ხორვატიის ქალაქ სლუნის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა. წვრთნების სცენარის მიხედვით, ქართულმა ქვედანაყოფმა სამხედრო პოლიციური ფუნქციების შესრულებაში სხვადასხვა დავალება შეასრულა. ქართველმა სამხედროებმა ამოცანებს თავი წარმატებით გაართვეს და მომზადების მაღალი დონე გამოავლინეს.
წვრთნებში, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო ჩართული, მონაწილეობდნენ ბატალიონის წევრი ქვეყნები – პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. სწავლებამდე, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, უცხოელი პარტნიორი ქვეყნების ინსტრუქტორთა მხარდაჭერით სპეციალური წვრთნები გაიარეს, ხოლო წვრთნების კონტროლისა და შეფასების ჯგუფებში სამხედრო პოლიციის ორი ოფიცერი იყო ჩართული.
