IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჟურნალისტი სალომე ასათიანის წერილი ფეისბუქში, რომელიც ბოლო დროის, თითქმის ერთადერთ სასაუბრო და განსახილველ თემას, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას, ასევე ადამიანთა მენტალობას ეხება:

“აი რანაირად გამოვიდა ის, რომ დაბადების დღის მქონე გოგო აღმოჩნდა მთავარი დამნაშავე ბიჭებს შორის 90-იანი წლების სტილის საზარელ და სისხლიან “გარჩევაში”? რატომ გადაიხადა დაბადების დღე აგარაკზე? სერიოზულად?? იმის მაგივრად, რომ ოდესმე მაინც დავსვათ კითხვები, მაინც რა უბედურება გვჭირს ასეთი, რომ ეს სისასტიკე, ადამიანის მოკვდინება და დაუნდობლობა თინეიჯერობიდან მოყოლებული ჩვენში “კაცობის” ატრიბუტად ითვლება? ავბედით 90-იანებთან შედარებით, როცა ეს მასობრივად იყო ასე, დღეს ამგვარი აზროვნება შესაძლოა უფრო ლოკალური იყოს, მაგრამ ცხადია, რომ არსად გამქრალა. და ვერც გაქრებოდა, ისეთი კოშმარი გვაქვს გამოვლილი ჩემს თაობას.

მე სხვა ქვეყანა არ ვიცი, სადაც სისტემის, ჩვენს შემთხვევაში საბჭოეთის ნგრევას დედაქალაქის “ელიტარულ” უბნებში და ოჯახებში მოეტანოს შეიარაღებული ხოცვა-ჟლეტა “საძმოებს” შორის. ეს ფენომენი ჯერაც ვერ ამოგვისხნია, ამას არ ეყოფა ძველბიჭობის თუ ქურდულ ტრადიციებზე მითითება ან კიდევ ალ პაჩინოს “ლიცო სა შრამომ”, როგორც გავლენის წყარო მაშინდელ ახალგაზრდებზე. რაღაც ფუნდამენტური გვაქვს ჯერ გასააზრებელი და მერე შესაცვლელი, ყველას ერთად.

ეს თემა სულ მაწუხებს და რამდენიმე წლის წინ ამაზე დაწერაც ვცადე. დავდებ ამ ძველ ბლოგპოსტს, თუ დაგაინტერესებთ.

“ასე დამთავრდა ბავშვობა ჩემი თაობისთვის. ასეთ გარემოში გავხდით სრულწლოვანები. გარემოში, რომელშიც არც ერთი უმთავრესი მორალური იმპერატივი აღარ მუშაობდა. ძალადობა, მკვლელობა და კორუფცია ყოველდღიური ყოფის ნაწილი იყო და თან ისე, რომ ამის შემზარაობასაც ვეღარ ვაცნობიერებდით. პირიქით – ეს ყველაფერი მაჩოისტური რომანტიკის პერვერსიულ საბურველში იყო გახვეული.

ეს განსაკუთრებით ერთ სოციალურ ფენას ეხება – იმ ჯგუფებს, „ელიტას“ რომელსაც ვუწოდებთ ხოლმე. კი, იმპერიის კოლაფსმა, სამმა ომმა, ძალადობამ, განუკითხაობამ, იარაღმა და ნარკოტიკებმა უმძიმესი დაღი ნამდვილად მთელ თაობას და მთელ ქვეყანას დაგვასვა სოციალური კუთვნილების მიუხედავად. მაგრამ ეს ტრაგიკული ვითარება განსაკუთრებული მანკიერებით მაინც თბილისის ცენტრში წარმოჩინდა. იქ, სადაც აშკარა იყო პრივილეგირებული სტატუსიდან გამომდინარე დაუსჯელობა და უპასუხისმგებლობა. იმ უბნებში, რომლებიც ელიტარული ოჯახების შვილებმა და შვილიშვილებმა აღვირახსნილი ძალადობის სფეროდ და სხვადასხვა “საძმოს” თუ დაჯგუფების სათარეშო სივრცედ გადააქციეს.”

დღეს – ბევრი წლის შემდეგ – მაშინ მიღებული ტრავმების გააზრებისგან კვლავაც შორს ვართ. გადალახვისგან – მით უმეტეს. „ბნელი 1990-იანები“ მყარ სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, ზედაპირზე მოტივტივე კლიშეებით: “ყაჩაღობა”, „უშუქობა“, „ომი“, „პურის რიგი“, „მხედრიონი“… მაგრამ ამ კლიშეების მიღმა შესვლას და მტკივნეული კითხვების დასმას ვერ ვახერხებთ.” – წერს სალომე ასათიანი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება