Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე

მარშალ პრესი 23/09/2025
shalva papuashvili

ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

,,ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. ჩვენ ახლა სწორედ ამგვარი წარუმატებელი მანევრის მოწმენი ვართ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ქართული ოპოზიციის მიერ ცუდად შესრულდა.

უკვე თითქმის ერთი წელია, ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა, ნაცვლად ჩიხში შეყვანისა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას.

ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ, ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა, მცდარად ივარაუდეს, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელების და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავადსახსენებელი ენჯეო კარტელის ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი უცხოელი, ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით, პირდაპირ შეუერთდა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ვა ბანკზე წავიდა – დაუპირისპირდა მთავრობას და მხარი დაუჭირა ოპოზიციას.

თუმცა, ოპოზიციის გამარჯვებასთან დაკავშირებით უცხოელების მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. მათმა კამპანიამ, რომელიც არჩევნებს გადამწყვეტ რეფერენდუმად წარმოაჩენდა და ყველას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, გაამართლა, ოღონდ საპირისპირო შედეგით. არჩევნებზე მოსული მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი, ჩვენი მოსახლეობის ის მდუმარე უმრავლესობა აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად გაიგო რეფერენდუმის რეალური არსი და ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს და არა ოპოზიციასთან ასოცირებულ ძალადობრივ და ბნელ წარსულს.

რადგან უცხოელებმა ასე ღიად დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღებაც მოუწიათ. შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა და ახლად არჩეული პარლამენტისთვის საბოტაჟის მოწყობა. ეს ყველაფერი ძალიან ირაციონალური იყო, რადგან ოპოზიციამ 150 მანდატიდან 61 მიიღო, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა კიდევ ერთხელ დაიზიანა თავი, ხალხის ნდობა უარყო და პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა.

არჩევნების უარყოფის პოლიტიკამ მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც, რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ. თუმცა, ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად, არჩევნები დროულად ტარდება. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზადება.

ამასობაში, ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას.

ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე, რამეთუ „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში… ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“, – წერს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ – ანა წითლიძე
Next: ,,საზოგადოება ქართული” – მორალურ კვარცხლბეკზე შემდგარ კოლექტიურ ზურაბიშვილებს შევახსენებთ: თავადვე ხართ უცხოეთის ფულზე გაყიდული და ყოველგვარ ღირსებას მოკლებული აგენტები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.