ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟის თემაა, საჯილდაო ქვად აქციეს ეს თემა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
„წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ყველა კრიტერიუმი და პირობა, რომლის გათვალისწინებითაც საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღო, არის სრულად შესრულებული და საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს – არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ უსწრებს ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანას.
აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა – ეს არის შანტაჟის იარაღი, რადგან აკვირდებიან პროცესის განვითარებას, ისინი ეცდებიან ბოლომდე გაწურონ სიტუაცია, ბოლომდე შეამოწმონ, რა რესურსი აქვს რადიკალურ ოპოზიციას იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაამძიმოს. თუ შეხედეს, რომ ხელისუფლება ფარ-ხმალს არ დაყრის და გამოიჩენს სიმტკიცეს, ამ შემთხვევაში ისინი გაჩერდებიან, მოვლენ და მოგვესალმებიან ისე, ვითომ არაფერი. ამის ნიშნები უკვე არსებობს, უკვე არაერთი ელჩი ესტუმრა საქართველოს პარლამენტს“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
