Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბრძოლა გრენლანდიის მომავლისთვის – დანიის პრემიერმა ესკიმოსი ქალების სტერილიზაციის პროგრამის გამო ბოდიში მოიხადა, ტრამპის ადმინისტრაცია კი გავლენების გაძლიერების მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს

მარშალ პრესი 29/08/2025
05

რა ხდება გრენლანდიაში? კუნძული გავლენის კამპანიების სამიზნეა, რამაც შეიძლება გრენლანდიასა და დანიას შორის უთანხმოება გამოიწვიოს – ეს არის დანიის პოლიციის დაზვერვის სამსახურის (PET) შეფასება TV 2-ისთვის გაკეთებულ წერილობით კომენტარში.

დანიის პრემიერის ბოდიშის პარალელურად, მორიგი აქტუალური ამბავი სწორედ დანიის სახელმწიფო მაუწყებლის (Danske Radio – DR) ინფორმაციაა, რომელიც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ეხება დონალდ ტრამპთან და თეთრ სახლთან დაახლოებული რამდენიმე ამერიკელი პირის მიერ გრენლანდიაში ამერიკის გავლენების გაძლიერების მიზნით მიმდინარე სპეციალურ “ოპერაციას”.

საკითხი გულისხმობს ამერიკისა და დონალდ ტრამპის მომხრეების, ასევე მისი მოწინააღმდეგე გრენლანდიელი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, მოსახლეობის განწყობების დადგენას, გრენლანდიელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებთან დაახლოებას, გარკვეული სიების შედგენას, რაც დანიური უწყებების შეფასებით, დანიასა და გრენლანდიას შორის დაპირისპირების გაღვივებას ისახავს მიზნად. პრესის ინფორმაციით, ამერიკა ამჯერად ამ გზით ცდილობს “დრო არ დაკარგოს” და გრენლანდიაში “არაოფიციალური ხაზით” გააგრძელოს საკუთარი ინტერესების გატარება.

საკითხს გამოეხმაურა დანიის უსაფრთხოების სამსახურიც (PET), რომელმაც მედიასთან წერილობითი კომენტარით, მართალია არ დაადასტურა კონკრეტული ქვეყნების (ამ შემთხვევაში ამერიკის) ჩარევის ფაქტი, თუმცა დაადასტურა ის, რომ გრენლანდიაში უცხოური გავლენებისა და შიდა საქმეებში ჩარევის სხვადასხვა კამპანიები მიმდინარეობს, რაც დანიისა და გრენლანდიის ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენის მოხდენას ემსახურება.

დანიაში ამერიკის საელჩოსგან მიღებული პასუხი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც საელჩო არ ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას ამგვარ აქტივობებში და კერძო ინდივიდების პირად ინტერესებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ემიჯნება.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ თუ გრენლანდიაში ერთგვარი “გავლენების კამპანიის” პროცესში ამერიკის სახელმწიფოს მონაწილეობა დადასტურდება, ეს საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დარღვევა იქნება.

დანიური მედია ინფორმაციას ტრამპთან დაახლოებული პირების გრენლანდიაში წარმოებული საქმიანობის შესახებ, ანონიმურ წყაროებზე, მათ შორის, მაღალი რანგის სახელმწიფო წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ცნობილია, თუმცა არ დასახელდება იმ ამერიკელი პირების სახელები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში გრენლანდიელებზე გავლენების გატარების მიზნით სხვადასხვა კამპანიას ატარებდნენ, მათ შორის, გამოკითხვებს, სადაც ხშირად ხდებოდა აპელირება დანიურ-გრენლანდიური ისტორიის მთავარ მტკივნეულ თემაზე – “სპირალების საქმეზე”.

რაც შეეხება ესკიმოსი ქალების სტერილიზაციის, ე.წ. “სპირალების საქმეს”, ეს პროგრამა გრენლანდიაში 1960-იანი წლებიდან მოქმედებდა და გულისხმობდა კუნძულის მაცხოვრებელი ქალებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ჩადგმას, ხშირ შემთხვევაში მათი გაფრთხილების ან მათგან თანხმობის მიღების გარეშე. როგორც ცნობილია, დანიელმა ექიმებმა, 13 წლის გოგონებსაც კი, სპირალი თანხმობის გარეშე ჩაუდგეს.

პროგრამის პირველი ხუთი წლის განმავლობაში, გრენლანდიის რეპროდუქციული ასაკის ქალი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა მიიღო ჩასახვის საწინააღმდეგო ეს საშუალება. ეს მოხდა კუნძულის “დანიზაციის” პოლიტიკის ფონზე – მისი დანიელებით დასახლებით და ესკიმოსური მოსახლეობისა და კულტურის შევიწროებით.

“ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რაც მოხდა. თუმცა, შეგვიძლია პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ, დანიის სახელით, მინდა ბოდიში მოვიხადო” – ციტირებს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენს გამოცემა DR.

ბოდიში მოიხადა გრენლანდიის პრემიერმა იენს-ფრედერიკ ნილსენმაც. დანიის პრემიერ-მინისტრი ბოდიშს იხდის 1992 წლამდე მომხდარი შემთხვევებისთვის, როდესაც გრენლანდიის ჯანდაცვის სისტემაზე პასუხისმგებელი დანია იყო, ხოლო გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი  ბოდიშს იხდის გრენლანდიის მიერ პასუხისმგებლობის გადაბარების შემდეგ მომხდარი შემთხვევებისთვის.

Post navigation

Previous: ამერიკის 47-ე პრეზიდენტი სასწაულად მოერგო არა მხოლოდ “ვაჟა ზაზაევიჩის” კინოპერსონაჟს, არამედ “ლეიტენანტ სამჭკუაშვილს
Next: ჯერ პარიზის და შემდგომ ვაშინგტონის არბიტრაჟში მოგებული დავა იმას ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პორტის აშენებისთვის, ხოლო ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა არ შეასრულა ვალდებულებები, რის გამოც პორტის ამოქმედება 8 წლით გადაიდო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.