IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში, რომელიც უკვე თბილისში, სამთო ქიმიის მიმდებარედ არის გადაღებული, ფიქსირდება სამარშრუტო მიკროავტობუსი. როგორც “მთავარი არხი” აუწყებდა საზოგადოებას, სწორედ ამ სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, მათივე ვარაუდით ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად კაწრო, რომელიც ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან მივიდა და მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლის ქალიშვილი ქრისტინე ლომაძე, რომელიც ამბობს, რომ ის, რაც ნიკა გვარამიამ გაავრცელა, არის სიცრუე და ახალგაზრდა მამაკაცი, ნამდვილად ხაშურიდან წამოიყვანა მისმა მამამ, რომელსაც ხშირად მოჰყავს ადამიანები, თუ თბილისში გამოყოლას სთხოვენ, რადგან ის გადაზიდვებზე მუშაობს და გვიან ღამით მაინც უწევს დედაქალაქში ჩამოსვლა.

“ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა.

დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ “ მთავარი არხის” რეპორტაჟი, კერძოდ , ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ “სკანდალურ” დეტალებზე საუბრობს.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის ჩემთვისაც ( ამ კონკრეტულ შემთხვევამდე ) “მთავარი არხი” ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის, რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.

სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემი მხრივ, ჩემ მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე. ის რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს არის წმინდა წყლის ცილისწამება.

ეს მიკროავტობუსი ეკუთვნის მამაჩემს. ვინც მე და ჩემ ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ მამაჩემი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისში.

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია, ბატონმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის “გვამის გადამზიდად”. მსგავსი ცილისწამება სცდება აბსოლუტურად ყველა ზღვარს.

რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის, არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან. აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა.

ამ ბიჭის და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც ადვოკატმა და გარდაცვლილი ბიჭის ბიძამ თქვა. ასევე თავად მაგ ბიჭმა გარკვევით თქვა ინტერვიუში.

ეს ბიჭი პირველი არ არის, ვინც მამამ დაიმგზავრა, ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს უარს არ ეუბნება. ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.

აბსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს. თუმცა ბატონი გვარამია აშკარაა ისევ ცილისწამებითაა დაკავებული.”- წერს ქრისტინე ლომაძე.

ამ თემაზე:

ექსკლუზივი: შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი | კადრებში სავარაუდოდ "კაწრო" ფიგურირებს

ექსკლუზივი: შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი | კადრებში სავარაუდოდ "კაწრო" ფიგურირებს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 07 ივლისი, 2020

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება