
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლაა.
როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის საკითხის უვიზო მიმოსვლასთან მიბმა არის თვითნებობა, რადგან ამას უვიზო მიმოსვლასთან კავშირი არ აქვს.
„ზოგადად, თუ მივადევნებთ თვალს ქრონოლოგიას, საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე და ეს ქრონოლოგია არ იწყება დღეს. ეს ქრონოლოგია დაიწყო შარშან, როდესაც ჩვენ ვნახეთ გარე ჩარევები საქართველოს არჩევნებში და ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მხრიდან პირდაპირი, უხეში ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ეს არის ფაქტი, რომელიც ინტერნეტშია, შეგვიძლია, მისი განცხადებები ვნახოთ. ის პირდაპირ ჩაერია არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ისინი, რომლებმაც ის ჩარიეს ამ არჩევნებში, ამ არჩევნებში დამარცხდნენ და მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ გარკვეულწილად ვენდეტას ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ამაზე პირდაპირ და მეამიტურად გულწრფელად თქვა რასა იუკნევიჩიენემ, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირთან არსებული პრობლემები არის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ბრალი. მან კოლექტიური ბრალი დააკისრა 1 120 000 ადამიანს და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს არის წმინდა ფაშისტური განცხადება, რომელსაც დღემდე არცერთი ევროპულო სტრუქტურა არ გამიჯვნია. შარშან, 26 ოქტომბერს ზოგიერთმა ძალებმა ვინაიდან ვერ შეცვალეს ხელისუფლება, მცდელობაა, რომ არადემოკრატიული გზით, ძალით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.”- განაცხადა პაპუაშვილმა.