
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სახელით განცხადება გააკეთა, სადაც მიმდინარე პროცესებში აშშ-ს როლზეც ისაუბრა, რომლის თქმითაც, „ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება“.
მისივე განცხადებით, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ასევე აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ დღემდე არაფერი გააკეთა, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით.
„არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ წარმატებას დიპ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა დიპ სტეიტის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რისი მიზანიც აშშ-ს გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და საბოლოოდ, ორივე მათგანის დანგრევა შეიძლება იყოს. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, ხოლო უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს დიპ სტეიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპ სტეიტი, იგივე გლობალური ომის პარტია დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ