IMG.GE IMG.GE

საფრანგეთი დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს, – შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, საფრანგეთის მთელი ტერიტორია ორშაბათიდან „მწვანე ზონად“ ცხადდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის კაფე და რესტორანი გაიხსნება.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ დღეიდან მოქალაქეებს ევროპის სხვა ქვეყნებში შეუზღუდავად გადაადგილების საშუალება ექნებათ. 22 ივნისიდან კი საფრანგეთის ყველა სკოლაში, საშუალო სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი განახლდება.

„ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ არ დასრულებულა, თუმცა, მოხარული ვარ, რომ ვირუსის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ,“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყანაში მასობრივი შეკრებები კვლავ „მკაცრად გაკონტროლდება.“

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, რომელიც მარტში უნდა ჩატარებულიყო და კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო, 28 ივნისს გაიმართება.

ცნობისათვის, საფრანგეთში კორონავირუსის 157 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 29 407 ადამიანი. პრეზიდენტმა მაკრონმა პირველი მკაცრი კარანტინი 17 მარტს დააწესა, 11 მაისიდან კი ქვეყანამ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება