IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება არ შეუცვლია.

როგორც მზია ქასრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვახო ახვლედიანი პირველ ჩვენებაშიც, რომელიც თხრობით ფორმაში აქვს მიცემული და მეორეშიც, სადაც გამოძიების კითხვებს პასუხობს, მკაფიოდ ამბობს, რომ მაგისტრალზე საცემად მისდევდნენ. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით მეორე ჩვენებაში გამომძიებელი ეკითხება ახვლედიანს, იყო თუ არა მასზე მუქარა, სადაც ახვლედიანი ამბობს, რომ მუქარა არ ყოფილა, მაგრამ საცემად მისდევდნენ, რაც ადვოკატის მტკიცებით პირველ ჩვენებას ემთხვევა.

მზია ქასრაშვილმა მედიას მოუწოდა, ნუ მოახდენენ გამოძიების მასალების ინტერპრეტირებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ერთის მხრივ გარდაცვლილის ოჯახს და მეორეს მხრივ, გამოძიებას.

„ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. პირველი ჩვენების გაგრძელებაა მეორე ჩვენება. პირველი ჩვენება არის თხრობა, მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი, ანუ ჩვენების დაზუსტება და არა ჩვენების შეცვლა. ყველა ჩვენებაში ვამბობთ, რომ მას მისდევდნენ საცემად“,- განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რატომ არ გამოიძახა ახვლედიანმა საპატრულო პოლიცია ინციდენტის დროს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ის დაბნეული და შეშინებული იყო, თუმცა დღეს ნანობს, რომ პოლიციას არ დაურეკა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ახვლედიანი რომელიც მაგისტრალზე სცემეს, ადგილიდან ურეკავდა მეგობარს დახმარების მიზნით, ხოლო მეგობარმა, ლუკა ბეჟანიშვილმა ტაქსი გაუგზავნა. ქასრაშვილის თქმით, ბუჩქებიდან გამოსვლა კი ახვლედიანმა სამჯერ დასიგნალების შემდეგ გაბედა, რითიც წინასწარ შეთანხმებით, ტაქსის მძღოლს მისთვის ადგილზე მისვლა უნდა ენიშნებინა.

ამის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ამბობს, ინციდენტის დროს დახეული და სისხლიანი პერანგი ვახო ახვლედიანმა ნაგვის ურნაში ჩააგდო, რადგან ოჯახის შეეშინდა, შესაბამისად პერანგი საქმეში არ დევს.

მზია ქასრაშვილის თქმით, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ახვლედიანმა მეორე დღეს გაიგო, მისი მეგობრისგან, ანი გაბეჩავასგან, რომლის წვეულებაზეც შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

​ადვოკატის თქმით, ის უსამძიმრებს შაქარაშვილის ოჯახს როგორც მისი, ასევე ახვლედიანის ოჯახის სახელით.

 

წყარო: „პირველი არხი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება