
განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის კანონის გამკაცრების მომხრეა, თუმცა, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში.
„რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას განზრახ მკვლელობაზე, ამასთან დაკავშირებით, კოლეგების ნაწილმა იცის ჩემი მკაფიო პოზიცია. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე. ეს არის მგრძნობიარე საკითხი, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, მე ვფიქრობ, ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით განზრახ მკვლელობისთვის, არ არის საკმარისი. მახსოვს ერთი შემთხვევა, მოხდა მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით და ადამიანს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანი მოკლეს და ათ წელზე უფრო ადრეც შეიძლება გამოვიდეს დამნაშავე ციხიდან. ასეთი მიდგომები რა თქმა უნდა, გადახედვას საჭიროებს. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად, რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, აქ კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე“, – განაცხადა პრემიერმა.