
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძემ, დღეს სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი პირადად დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.
ამ დროისთვის შენობის კარკასული სამუშაოები უკვე დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე კომპლექსის გარე სივრცის კეთილმოწყობა, შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანიც.
სოციალური სახლი გათვლილია 121 ოჯახზე, მშენებლობის დასრულების შემდეგ თითოეული მათგანი მიიღებს სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ფართს.
მერმა სოციალური სახლის მიმდებარედ, ასევე დაათვალიერა ახლახან დასრულებული ნაპირსამაგრი კედელი.
მერთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერის მოადგილეებმა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.