
საფრენგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონი კანდიდატის სტატუსის მიღების მსურველ ქვეყნებთან დაკავშირებით საუბრობს. მას სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი” გაუგზავნოს. მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე ასევე არის საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ის „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა”. ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს იყო ერთგვარი პირდაპირი აღიარება, რომ ამ ეტაპზე საქართველო პრიორიტეტული არ არის.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყოფს შავი ზღვა ევროპის ქვეყნებისგან და არ არსებობს პირდაპირი საზღვარი, სწორედ ამიტომ განსხვავებული მოსაზრებებია კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით.
„მაკრონის განცხადებაში ძალიან მნიშვნელოვანია ფრაზა „განსხვავებული გეოპოლიტიკური მდებარეობა”, რაც ნიშნავს იმას, რომ გეოგრაფიულად მოლდოვა და უკრაინა არის ევროპის გვერდით და აქვთ საერთო საზღვარი, განსხვევებით საქართველოსგან, რომელსაც არ აქვს პირდაპირი საზღვარი ევროპის ქვეყნებთან და ჰყოფს შავი ზღვა. ეს იყო ერთგვარი პირდაპირი აღიარება, რომ ამ ეტაპზე, არ არის პრიორიტეტული საქართველო. თუმცა, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ შუაგულ ევროპაში ბალკანეთის რიგით ქვეყნებს მრავალი წელია აქვთ კანდიდატის სტატუსი და ჯერ კიდევ ელოდებიან გაწევრიანებას.
„ჩემი შეფასებით, ევროპაში არის განსხვავებული მოსაზრებები ჩვენთვის სატატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მომავალ სამიტზე იქნება გარკვეული პროგრესი საქართველოსთვის, იქნება ეს კანდიდატის სიმბოლური სტატუსი, თუ სხვა რამ, მაგრამ დარწმუნებით ამას ჯერ ვერავინ იტყვის. უნდა დაველოდოთ შედეგს.
„გარდა ამისა, საქართველოს აკავშირებს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ევროკავშირთან, ეს არის ასოციების შეთანხმება. ამ დოკუმენტით არის გაწერილი ინტეგრაციის პროცესი და რაც მთავარია, ევროპული ყაიდის რეფორმების გატარება საქართველოში. ხაზგასმით ვამბობ, რომ კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის და მას არ აქვს არანაირი დატვირთვა.
„რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, იმ შემთხვევაში თუ ვერ მივიღეთ აღნიშნული სტატუსი, გარკვეული ოპოზიციური და პრორუსი ძალები შეეცდებიან ამაზე გარკვეული პროტესტის აგორებას, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო მიდის მხოლოდ ევროპისკენ,” – განაცხადა აბაშიძემ.
უცხოური გამოცემა „პოლიტიკო” საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ავრცელებს. მას სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი” გაუგზავნოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ „მოლაპარაკებების მაგიდაზე ასევე არის საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი, ქვეყანა, რომელიც, მაკრონის განცხადებით, „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა”.
„მინდა, რომ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი გავუგზავნოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ”, – განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესსკონფერენციაზე.
ევროპული კომისია, უკრაინისთვის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაციას, სავარაუდოდ, პარასკევს გასცემს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც 23-24 ივნისს ბრიუსელში სამიტს გამართავენ.