IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„მარკ ტვენის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვიხმოთ, ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლის შესახებ გადაჭარბებულია“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას არ დატოვებს.

„სახელიც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაშია, შესაბამისად, სადაც ძალაა პოლიტიკაში, იქ არის გამარჯვება. მარკ ტვენის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვიხმოთ, ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლისა და განადგურების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არის გადაჭარბებული. არამცთუ იშლება, პირიქით ძლიერდება, დარწმუნებული ვარ, რომ გაძლიერდება და მას გაფართოების რეალური პერსპექტივები უდგას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი დადასტურებული ინფორმაციით არის ერთგული შეთანხმებისა. მას არ გაუკეთებია არავითარი განცხადება, რომელიც გულისხმობდა ამ შეთანხმებიდან გასვლას ან კოალიციიდან გასვლას. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას არ დატოვებს. გია ბარამიძის განცხადებაში, რასაკვირველია, არის ის მარცვალი, რომელიც შესაძლოა, კოალიციაში არსებულ გარკვეულ სირთულეებს ასახავს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კოალიცია და პოლიტიკურ კოალიციაში, როგორც წესი, არის ხოლმე სირთულეები, რომელიც უნდა გადაილახოს და გადაილახება“, – აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება