IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გაეროს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა გლობალურ ვირტუალურ კონფერენციაში: „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული და პრაქტიკული გამოწვევები გლობალური პანდემიის პირობებში“, საქართველოს დელეგაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის წევრი დაესწრო.

ვირტუალური კონტრტერორისტული კვირეული გაეროს გენერალურმა მდივანმა გახსნა. ანტონიო გუტიერეშმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კვირეულის პირველ ვებინარზე, მონაწილეებმა, COVID-19-ის ნეგატიურ გავლენებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს, თუ როგორ აისახება საზოგადოებაზე სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილები COVID-19-ის შემდგომ პირობებში, რა გავლენას იქონიებს პანდემია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საერთაშორისო ქმედებებზე.

კვირეულის ფარგლებში, ბიო და კიბერ ტერორიზმის საფრთხეებზე და ტერორიზმის მსხვერპლთა დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე დისკუსიები გაიმართება. მონაწილეები ასევე იმსჯელებენ, რადიკალიზაციის პრევენციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე, გაეროს ანტიტერორისტულ პროგრამებზე, ადამიანის უფლებებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ტერორიზმის პრევენციაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე.

კონფერენციის გახსნას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ჟოზეპ ბორელი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. 2020 წლის, ვირტუალურ კონტრტერორისტულ კვირეულს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება