Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღია წერილი ლაშა ბუღაძეს — ინტელექტუალური პოზის მიღმა ჩარჩენილ კრიტიკოსს – ირაკლი ყიფიანი

მარშალ პრესი 20/05/2025
irakli kipiani

ირაკლი ყიფიანის ღია წერილი ლაა ბუღაძეს და გამოხმაურება ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ მის მოსაზრებაზე:

“ღია წერილი ლაშა ბუღაძეს — ინტელექტუალური პოზის მიღმა ჩარჩენილ კრიტიკოსს, ანუ პასუხი მორიგ კვაზი-რევიზიონისტულ პასკვილზე

ლაშა,

თქვენი გახმაურებული მოსაზრება, თითქოსდა ნონა გაფრინდაშვილი საბჭოთა ნომენკლატურის უსახურ ნაწილსა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერისგან გაუცხოებულ ფიგურას წარმოადგენდა, საზოგადოებამ უკვე შეაფასა, როგორც მორიგი მცდელობა, გადაგეწერათ ისტორია საკუთარი, მეტად საეჭვო პრიზმიდან. თუმცა, მოდით ჩავუღრმავდეთ: რასთან გვაქვს საქმე ? ისტორიული კონტექსტის რადიკალურ გაუგებრობასთან, საკუთარი ლიტერატურული პერსონის აქტუალიზაციის კრუნჩხვით მცდელობასთან, თუ უბრალოდ, იმ შინაგან ქენჯნასთან, რომელიც შემოქმედს ხშირად ღირებულებათა მორალისტობიდან ღირებულებათა უუფლებო მასხარად აქცევს? ვშიშობ, თქვენს შემთხვევაში, ბოლო ვარიანტთან სახიფათოდ ახლოს ვიმყოფებით.

ნონა გაფრინდაშვილის ფენომენი რომ მართლაც ასეთი ბრტყელი და ერთმნიშვნელოვანი ყოფილიყო, როგორიც თქვენს ანალიზში წარმოჩინდა, თქვენი კალამი მას, სავარაუდოდ, გვერდს აუვლიდა — ისევე, როგორც უამრავ სხვა “ელიტის” წარმომადგენელს, რომელთა სახელებიც ისტორიის ფურცლებზე მხოლოდ მექანიკურ შტამპად თუ შემორჩა. მაგრამ თქვენ, როგორც ჩანს მის სიდიადესთან ბრძოლაში დამარცხდით; თქვენს ლიტერატურულ ამბიციას ჭადრაკის დედოფალმა გამანადგურებელი პარტია მოუგო — არა დაფაზე, არამედ ისტორიული მნიშვნელობების ველზე.

ბატონო ლაშა, საბჭოთა ნომენკლატურა, არ გახლდათ ერთგვაროვანი, მონოლითური მასა, როგორც ეს თქვენს გამარტივებულ სქემებშია წარმოდგენილი. ეს იყო რთული, წინააღმდეგობებით სავსე ორგანიზმი, რომლის წიაღშიც არსებობდნენ ადამიანები, ვინც ფორმალური წესების მიღმა, ერის სულიერ ბირთვთან ინარჩუნებდნენ კავშირს. ნონა გაფრინდაშვილი სწორედ ასეთი ფიგურა გახლდათ — ადამიანი, რომელიც საბჭოთა სისტემის პირობებში ახერხებდა, ყოფილიყო არა მხოლოდ “წითელი იმპერიის” სპორტული ვარსკვლავი, არამედ ქართული თვითმყოფადობის, ეროვნული ღირსებისა და ინტელექტუალური ძალის სიმბოლო. მისი ყოველი სვლა საჭადრაკო დაფაზე ქართული სულის ტრიუმფი იყო, რომელსაც რკინის ფარდის მიღმა გაჰქონდა გზავნილი: “ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვიბრძვით!”

ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის არის, რომ ნონა არასდროს ყვიროდა პატრიოტულ ლოზუნგებს, არ მონაწილეობდა პოლიტიკურ პერფორმანსებში. ის უბრალოდ თამაშობდა, იგებდა და ქმნიდა ეპოქას. ამ ყველაფრით კი, მდუმარედ მაგრამ გამაოგნებლად ძლიერად ამტკიცებდა, რომ ქალი, ქართველი და ღირსეული — ეს ისეთი ერთობლიობაა, რომელსაც ვერც იმდროინდელი პარტიული დოქტრინა მოერია და ვერც თქვენნაირი, თანამედროვე “ენამოსწრებული” მწერლებისა და ბლოგერების მიერ მტვრიდან ამოქექილი, ფსევდო-ინტელექტუალური ინსინუაციები დააკნინებს.

თქვენგან განსხვავებით, ბატონო ლაშა, ნონა გაფრინდაშვილს არც ფარსი სჭირდება და არც ლიბერალური ფრაზეოლოგიით შენიღბული კონფორმიზმის მძაფრი სუნი ასდის. თქვენი მცდელობები, ბატონო ლაშა, ვინმეს დისკრედიტაციისა და მისი ისტორიული მნიშვნელობის დაკნინებისა, ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ: ისინი არა იმდენად თქვენი სამიზნის სისუსტეებს, რამდენადაც თქვენსავე ინტელექტუალურ გაკოტრებასა და ღრმად პიროვნულ ფრუსტრაციებს ამზეურებენ.

თქვენი ინტელექტუალური პოზა, რომელიც ასე გულმოდგინედ გაქვთ მორგებული, უფრო აგონიაში მყოფი, ჩარაზული სარკმელია, რომელსაც თავი სამყაროსკენ ფართოდ გაღებული ფანჯარა ჰგონია. სარკაზმი, ბატონო ჩემო, მხოლოდ სიტყვების ირონიული თამაში როდია — ის იმის ზუსტი ცოდნაა, ვის, როდის და რა დოზით “შეეხო”. თქვენ კი, ნონა გაფრინდაშვილის კრიტიკით, საკუთარი თავი იმ ნომენკლატურულ ნამგალს დაამსგავსეთ, რომელიც ცდილობს, თვითმარქვია რევიზიონიზმით თავი მოაწონოს მათ, ვისთვისაც ბოღმის ნთხევა სიმართლის თქმასთან ასოცირდება. ეს არის მცდელობა, საკუთარი უმნიშვნელობა სხვისი დაკნინებით გადაფაროთ, რაც დამეთანხმებით, არცთუ ორიგინალური და მით უმეტეს, არცთუ ღირსეული სტრატეგიაა.

დაბოლოს, თქვენთვისაც მოვიძიე ერთი საჭადრაკო პარტიის მაგვარი შეგონება:

დედოფლის კვარცხლბეკიდან ჩამოგდება გაცილებით რთულია, ვიდრე ლიტერატურული პაიკის მიერ წამოწყებული უიმედო შეტევის მოგერიება. მით უმეტეს, როდესაც ეს პაიკი, საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასებით, თავად ხდება საკუთარი ამბიციების მსხვერპლი.”– წერს ირაკლი ყიფიანი.

Continue Reading

Previous: USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე
Next: სამარცხვინოა, საქართველოსადმი ოფიციალური კიევის დამოკიდებულება, უკრაინა/ზელენსკი ქართული სახელმწიფოს დახმარებას ადეკვატურად არ აფასებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025