ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო – პრემიერი

223
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“-თან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში შვიდი მილიარდი ლარი იქნება.

„მთავრობის ათწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, თემატური განხილვები დავიწყეთ. დღეს მოვისმინეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმები.

ჩვენი ხედვით, 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში შვიდი მილიარდი ლარი იქნება.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა იზრდება. უკვე წელს, დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის პროგრამას, რომელსაც 50 მილიონი ლარით დავაფინანსებთ.

10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი სამ მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 500 000 ჰექტრამდე გაიზრდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობი. უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება, მათ შორის, 600 000 ტონა ყურძენი.

„500 ჰექტარზე შეიქმნება სასათბურე მეურნეობა. თანადაფინანსების სახით, 124 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე ხეხილის ბაღები და 15 000 ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდება.

თანადაფინანსების სახით, 340 მლნ ლარამდე გაიცემა. 400-მდე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმის შესაქმნელად, 560 მლნ ლარის ოდენობით ჯამური ინვესტიცია განხორციელდება.

2030 წელს, წყალუზრუნველყოფილი იქნება 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, თითქმის მთლიანად აღდგება სამელიორაციო სისტემა, რაშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.

დაინერგება საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.

დაცული ტერიტორიების ფართობი ერთ მლნ ჰა-მდე გაიზრდება და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 17 პროცენტს მიაღწევს.

საქართველო უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი უნდა გახდეს. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება