IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას ძალიან სწორს და დროულს უწოდებენ, – მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიით დაზარალებული ადამიანების, ბიზნესის მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესააბამება და ქვეყნის რესურსებთან შედარებით ძალიან მასშტაბურია.

შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და რეკომენდაციები ქვეყანაში ფისკალური პოლიტიკის სამომავლო განვითარების კუთხით. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობის მხარდაჭერის ღონისძიებები, ისევე, როგორც დღემდე, პოსტკრიზისულ ეტაპზეც იყოს მიზნობრივი და სოციალურად ორიენტირებული.

საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს და იმუშაოს კერძო სექტორის მხარდამჭერი კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავებაზე.
საუბრისას ასევე იმსჯელეს ქვეყანაში არსებულ გადასახადებზე. საერთაშორისო ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, სხვა ქვეყნებთან შედარეებით დაბალია, რაც ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებას და ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება