შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეგიონისადმი საკუთარი გრძელვადიანი ინტერესის დემონსტრირება საქართველოსათვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით

970X90

დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოსათვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე – იმის გათვალისწინებით, რომ გაწევრიანება მოითხოვს დროს და ასევე რეფორმებსა და მოლაპარაკებებს, ევროკავშირის მიერ პროევროპული ასოცირების ტრიოსათვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭება მკაფიო და სწორი გზავნილი იქნება მსოფლიოსათვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰელსინკში, საზოგადოება „Paasikivi-seura“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული გზა შეუქცევადია. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საერთო ევროპულ ღირებულებებსა და კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეფუძნება.

„ფინელი ხალხის ისტორიული ბრძოლა არჩევანის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, ასევე, ფინეთის კეთილდღეობის მოდელი საქართველოსათვის მაგალითია ევროპული სახელმწიფო მმართველობის ჩამოყალიბების პროცესში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსულ აგრესიასა და ამ კონტექსტში, დასავლეთის პასუხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უკრაინაში ომი არ დაწყებულა 2022 წელს და იგი არ დასრულდება, თუკი დასავლეთი რუსეთს ისევ არ მოსთხოვს პასუხს მისი ქმედებებისათვის. საქართველოს 90-იან წლებში და 2008 წელსაც მოუწია რუსეთთან ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მეტიც, საქართველოს ისტორიაში რუსეთთან კავშირებმა მრავალი ტრაგიკული მომენტი მოუტანა ქვეყანას, მათ შორის, დაკარგული სახელმწიფოებრიობა, ანექსია და გასაბჭოება, მასიური რეპრესიები, ჩვენი ეკლესიებისა და სულიერების შებღალვა და ქართული ღირებულებებისა და თვითმყოფადობის ჩახშობის მცდელობები. ამრიგად, ჩვენ შესანიშნავად გვესმის ის, რასაც უკრაინელი ხალხი განიცდის დღეს – რუსეთის შეჭრა უკრაინაში საქართველოსაც უღვიძებს მტკივნეულ მოგონებებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსული ჯარები ჯერ ისევ დგანან საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონში – აფხაზეთსა და ცხინვალში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, საქართველო დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების პირველივე დღიდან იბრძვის და დემოკრატიულ სახელმწიფოდ რჩება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა გარდამავალ პერიოდს გადის და შესაბამისად, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა, საქართველომ უდიდესს პროგრესს მიაღწია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ფართო მხარდაჭერა ახლა უკვე ოფიციალურად არის გარანტირებული კონსტიტუციაში 2017-2018 წლებში განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა.

„ბოლო ათწლეულში, საქართველომ დაამტკიცა, რომ წარმოადგენს ღირებულ და სანდო პარტნიორს პასუხისმგებლიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით, რამაც ხელი შეუწყო სტაბილურობის შენარჩუნებას კავკასიასა და მთლიან რეგიონში. ჩვენ საკუთარი ერთგულება დავამტკიცეთ ერაყში, ავღანეთში, მალიში, ცენტრალურ აფრიკაში, კოსოვოსა და სხვა უამრავ მისიაში, სადაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს დასჭირდათ ჩვენი დახმარება. თბილისში არსებული ძმათა სასაფლაო და დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრა კვლავ გვახსენებს იმ უდიდეს ფასს, რაც საქართველომ გადაიხადა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და გლობალური მშვიდობისათვის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს დაარწმუნებს, რომ ამ ქაოსურ პერიოდშიც კი, ჰორიზონტზე უკეთეს მომავალია.

„გეოპოლიტიკამ გამოიწვია ჩვენ მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, და, მაშასადამე, ევროკავშირმა საქართველო უნდა განიხილოს ორ სხვა ქვეყანასთან ერთად გეოპოლიტიკურ ჭრილში კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. თუკი ევროკავშირი დაანაწევრებს ასოცირების ტრიოს, ამით მოსკოვს აუნთებს მწვანე შუქს მეტი აგრესიისათვის. საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოს დინამიურად განვითარებად დემოკრატიას მოწყვლადს გახდის ისედაც ტურბულენტურ რეგიონში.

ევროპიზაცია და დემოკრატიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ტრანსფორმაციულ გავლენას იქონიებს მასზე და ხელს შეუწყობს შემდგომ დემოკრატიულ რეფორმებს.

შესაბამისად, დღეს ევროკავშირისათვის ჭეშმარიტებისა და საკუთარი საერთაშორისო პოზიციის ლეგიტიმურობისა და სანდოობის მომენტი დგას. ამ სტრატეგიული არჩევანის წინაშე, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეგიონისადმი საკუთარი გრძელვადიანი ინტერესის დემონსტრირება საქართველოსათვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს მართებული ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რაც ამ სამ პროდასავლურ ქვეყანას დაეხმარება იმ სივრცესთან დაახლოებაში, სადაც მათი ჭეშმარიტი ადგილია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

970X90
გაზიარება