
ესეც ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე შეუთანხმებლობა გვქონდა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვის იმის თაობაზე, რომ ხომ არ ჰქონდა მას ირაკლი კობახიძესთან რაიმე სახის უთანხმოება და რატომ არ ახსენა მან პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში.
„ესეც ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერია და თანამებრძოლია. შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ნუ ეძებთ რაღაც სპეკულაციებს, აქ არავითარი საფუძველი არ არსებობს. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალიან დიდი და ეს გუნდი შეკრა და ჩამოაყალიბა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა. ჩვენი პარტიის შექმნის დღიდან ყველა ის წარმატება, რომელსაც მიაღწია ჩვენმა პარტიამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის დაკავშირებულია ჩვენი პარტიის დამფუძნებელთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ყველა ლიდერი მათ შორის მეც, ირაკლი კობახიძეც და სხვაც ვიყავით და ვართ ამ გუნდის წევრები. რატომ ვფიქრობთ, რომ უნდა ჩამომეთვალა თითოეული მათგანი? მე ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებებს და მე გულწრფელად მჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეს გუნდი საბოლოოდ გაიყვანს სამშვიდობოს ჩვენს ქვეყანას და მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს.
ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გვქონდა ან შეუთავსებლობა ან შეუთანხმებლობა. აგერ არის ირაკლი კობახიძე, აგერ არის გუნდი და ჰკითხეთ თუ ერთ ფაქტს გაიხსენებენ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ მე გუნდის რომელიმე წევრთან მქონდა რაიმე შეუთავსებლობა, ან რაიმე შეუთანხმებლობა, ან რაიმე უსიამოვნება. მსგავსი ფაქტი არ არსებობს. პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.