
„2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც მთლიანი შემოსავლები, ისე საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა. მართალია, ამ პერიოდში საპროგნოზო პარამეტრებზე ვერ გავიდა ისეთი გადასახადების ამოღება, როგორებიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (შესრულდა 99.4%-ით), მოგების გადასახადი (96.6%), იმპორტის გადასახადი (89.5%) და აქციზი (87.6%), თუმცა საპროგნოზო პარამეტრებს საგრძნობლად გადააჭარბა საშემოსავლო გადასახადებმა (+1.3%), რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის ყულაბაში დამატებით 74.5 მლნ. ლარი შეიტანა“- წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე 2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლებთან დაკავშირებით.
ექსპერტის თქმით, ბიუჯეტზეც საუბრისას მთავარია მისი მთლიანი შევსება. საბიუჯეტო სახსრების მობილიზება და ფაქტობრივი მოცულობა შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფომ დადგენილი წესით და ვადებში თანმიმდევრულად განახორციელოს საკუთარი საშინაო და საგარეო ვალდებულებების დაფარვა.
„2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც მთლიანი შემოსავლები, ისე საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა (შესაბამისად, 102.1% და 102.3%, ანუ საპროგნოზო პარამეტრებზე 119.2 მლნ. ლარით და 120.5 მლნ. ლარით მეტი).
მართალია, ამ პერიოდში საპროგნოზო პარამეტრებზე ვერ გავიდა ისეთი გადასახადების ამოღება, როგორებიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (შესრულდა 99.4%-ით), მოგების გადასახადი (96.6%), იმპორტის გადასახადი (89.5%) და აქციზი (87.6%), თუმცა საპროგნოზო პარამეტრებს საგრძნობლად გადააჭარბა საშემოსავლო გადასახადებმა (+1.3%), რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის ყულაბაში დამატებით 74.5 მლნ. ლარი შეიტანა (შედარებისათვის: დღგ-ის ხაზით საპროგნოზო პარამეტრზე გასვლას დააკლდა მხოლოდ 11.2 მლნ. ლარი, ხოლო იმპორტის გადასახადს – 3.7 მლნ. ლარი), აგრეთვე სხვა სახის შემოსავლებმა, რომლებმაც ბიუჯეტში პირველ კვარტალში საპროგნოზო მაჩვენებელზე 161.2 პროცენტით მეტი შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო დაგეგმილზე 4.1-ჯერ ნაკლები იყო (-155.8 მლნ. ლარი, ნაცვლად 641.7 მლნ. ლარის), რაც საბიუჯეტო სახსრების მაღალ ეფექტიანობასა და სამობილიზაციო შესაძლებლობაზე მიუთითებს.
განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლების გადაჭარბებით შესრულება. ამ სახის გადასახადებზე მოდის ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ერთი მესამედი, ხოლო მოცულობა წინა წლის საშუალო კვარტალურ მაჩვენებელს დაახლოებით 18 პროცენტით აღემატება. ეს კი დაბალი ინფლაციის პირობებში (საშუალოდ 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით: +2.6%), საკმაოდ მკაფიო ინდიკატორია მოსახლეობის შემოსავლების და კეთილდღეობის ზრდისა (ფულადი შემოსავლების მატება რეალურ განზომილებაში – დაახლოებით 15.0 პროცენტით).
ამიტომ, ბიუჯეტზეც საუბრისას მთავარია მისი მთლიანი შევსება. ამას გვკარნახობს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შევსების წესი და მისი პრინციპები: უ ნ ი ვ ე რ ს ა ლ ო ბ ა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, და კ ო ნ ს ო ლ ი დ ი რ ე ბ ა – ყველა სახელმწიფო შემოსულობის ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა.
საბიუჯეტო სახსრების მობილიზება და ფაქტობრივი მოცულობა შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფომ დადგენილი წესით და ვადებში თანმიმდევრულად განახორციელოს საკუთარი საშინაო და საგარეო ვალდებულებების დაფარვა.
ზემოხსენებული პრინციპებისა და რეალობის გათვალისწინებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პირისა და ექსპერტის „ვიშვიში“ „საბიუჯეტო კრიზისის“ თაობაზე მაგონებს „ქარიშხალს ჭიქაში“ , რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენას თუ შეხსენებას და არა ვითარების რეალურად დანახვას – წინსვლის და მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების თაობაზე რაიმე წინადადების შემოთავაზებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…“-წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.