ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

169
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ალიანსის წევრებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებთან ერთად გააცნო თავდაცვის რეფორმირების პროცესი, რომელიც ნატო-სთან თავსებადი, მაღალი მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანი ძალების ჩამოყალიბებას ემსახურება.

მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის სრული სპექტრი მიმოიხილა, ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სახით ნატო-ს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადებას ემსახურება.

მინისტრმა ნატო-ს მხარეს, მოკავშირე ქვეყნებსა და პარტნიორებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩემს ქვეყანასა და შავი ზღვის რეგიონში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიური ჩართულობით მიიღწევა“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მიესალმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს, რომელშიც ხაზგასმულია ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ და ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მესამე მხარის ჩაურევლობის შესახებ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება