Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, პოლონეთისთვის 35.4 მილიარდი ევროს ოდენობის გეგმა არ დაამტკიცოს, ვიდრე ევროკავშირის კანონებთან და ღირებულებებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ იქნება

მარშალ პრესი 14/06/2022
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ევროკომისიის მიერ აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის ფარგლებში (RRF) პოლონეთისთვის 35.4 მილიარდი ევროს ოდენობის გეგმის დამტკიცების გამო.

ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მიუთითებენ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში გათვალისწინებული ღირებულებების არსებულ და მუდმივ დარღვევაზე, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და წუხილს გამოთქვამენ, რომ პოლონეთის მთავრობის ქმედებების გამო, დაფინანსება ჯერ არ არის ხელმისაწვდომი პოლონელი ხალხისთვის.

ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლი ამბობს: კავშირი დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ღირებულებებზე, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. ეს ღირებულებები საერთოა წევრი სახელმწიფოებისთვის საზოგადოებაში, რომელშიც ჭარბობს პლურალიზმი, არადისკრიმინაცია, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსა (ECJ) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებები, ისევე როგორც ევროკავშირის სამართლის პრიმატი, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ვაჭრობის საგანი. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობა ფონდზე წვდომის წინაპირობაა და რომ ამ შემთხვევაში კანონის უზენაესობის პირობითობის მექანიზმი სრულად გამოიყენება.

ევროპარლამენტარები მტკიცედ მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, პოლონეთისთვის გეგმა მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცოს, რაც იგი სრულად შეასრულებს აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის რეგულაციის დებულებებს ინტერესთა კონფლიქტისა და თაღლითობის შესახებ და სპეციფიკურ რეკომენდაციებს კანონის უზენაესობის სფეროში. პოლონეთმა ასევე უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსა (ECJ) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება, სანამ მისი გეგმა დამტკიცდება. ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებთან დაკავშირებული საკვანძო ნაბიჯები უნდა შესრულდეს გადახდის პირველი მოთხოვნის წარდგენამდე.

Continue Reading

Previous: არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია, ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია
Next: ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთმა ენერგორესურსების ექსპორტით $98 მლრდ მიიღო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025