ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ იურიდიული კომიტეტის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას მასკარადი უწოდა

287
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს, იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა გადადოს და პარლამენტმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს. მათი თქმით, თუ საკანინმდებლო ორგანო პროცესს არ შეაჩერებს, „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებას დაარღვევს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევისთვის მმართველ გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამ განცხადებების შემდეგ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სხდომის დატოვებას მასკარადი უწოდა.

„რაც შეეხება მათ დღევანდელ პერფორმანსს, ეს რა თქმა უნდა მასკარადია. როგორ შეიძლება, მორალი გვიკითხოს ადამიანმა, რომელმაც გირგვლიანის ინტერესები გაცვალა ბოკერიას ინტერესებში. ამ ადამიანისგან ჩვენ მორალზე საუბარს ვერ და არ მივიღებთ. როგორ შეიძლება, ლევან ბეჟაშვილი გვესაუბრებოდეს უსამართლო პროცესზე, როდესაც ძმები კუბლაშვილები, ერთი პარლამენტში პოლიტიკურად და მეორე სასამართლოში სრულად აკონტროლებდნენ  სიტუაციას. ამ ჯგუფებთან დაკავშირებული ადამიანები და ეს ხალხი საუბრობს უსამართლო პროცესზე, სადაც ვერც ერთი კონკრეტული შინაარსობრივი საკითხი ვერ გააჟღერეს, ვერ დაასახელეს ვერც ერთი საკითხი, ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაცია არ შესრულდა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, პარლამენტის სუვერენიტეტს და ამ პროცეს ვაგრძელებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტს ზედმიწევნით ასრულებს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც გუშინ მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება უხეშად დაარღვიეს.

„ქართული ოცნება“ არის მართალი საკუთარ ხალხთან. ჩვენ ვართ მართალი იმ შეთანხმებასთან მიმართებაში, რომლითაც ვალდებულება ვიკისრეთ. ჩვენ ყველა პუნქტს ზედმიწევნით ვასრულებთ და შესაბამისად, სიმართლე არის „ქართული ოცნების“ მხარეს. თუ ვინმეს მხარეს არ არის სიმართლე, ესენი არიან ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებმაც გუშინ მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას. ეს არის დესტრუქციული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და მათი ერთ-ერთი განშტოება ე.წ. ლელოს სახით. მათ პირდაპირ და უხეშად დაარღვიეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, ამ შემთხვევაში „ლელომ“, სადაც საუბარი იყო საარჩევო კანონმდებლობის რეფორმაზე. ყველა სხვა ოპოზიციურმა ჯგუფმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი ამ ნაკისრ ვალდებულებას. საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ შესაბამისი რეაქციისკენ, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება არ სრულდება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის, რომელმაც უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს, პირველი სხდომა იურიდიული კომიტეტის დასრულებისთანავე გაიმართა. მორიგ სხდომას სამუშაო ჯგუფი პარასკევს გამართავს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება