პრემიერმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ მასობრივი ვაქცინაციისთვის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს

261
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია.

მან ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტური მართვის აუცილებლობას, განსაკუთრებით შეზღუდვების შემსუბუქებასა და ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია.

როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან უქმდება ღამის საათებში – 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა; ამის მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00-05:00 საათამდე. კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

ამასთან, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის და მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ბაზრობებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება