IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გუშინ რომ გეკითხათ ჩემთვის (კიდევ კარგი, გუშინ შეუძლოდ ვიყავი და ვერ მოვახერხე ინტერვიუს მოცემა), უფრო დაძაბული და შეშფოთებული ვიქნებოდი, რადგან იყო მოლოდინი, რომ შესაძლოა, შემთხვევების რაოდენობა ნახტომისებურად გაზრდილიყო, როგორც ყველას გვახსოვს ნოემბერ-დეკემბერში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისვე თქმით, ქვეყანაში ჯერ კორონავირუსის მესამე ტალღა არ არის.

„მართალია, დღეს შემთხვევების რაოდენობა ცოტა არ არის, ბევრია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით, 200-ით შემცირდა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ ჯერ ის, რაც ასე ძალიან არ უნდა ქვეყნას, ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა კიდეც. შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა. ვგულისხმობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც „ფეისბუქზე“ აქტიურობს, თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა გარდაცვლილთა ან ავადმყოფების რაოდენობის შემცირების ან რაღაც ტენდენციის შემცირებაზე, უკმაყოფილო არიან და ილანძღებიან. როდესაც ოპტიმისტურ ინფორმაციას აქვეყნებ და ამაზე არის უკმაყოფილება, ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს ოპტიმისტური ინფორმაცია ხელს არ აძლევთ. საბედნიეროდ, ასეთი არის მოსახლეობის უმცირესობა. მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა. დღეს რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. არამედ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 6 აპრილს კი ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE