დავით ზალკალიანი „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

194
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 28 ივნისს რომში, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლა. საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობაზე ტერორიზმის საბოლოოდ დამარცხების გზაზე.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მიერ გატარებულ ქმედებებსა და სამომავლო გეგმებს, ასევე კიდევ ერთხელ აღინიშნება წევრი ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა ერაყსა და სირიაში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის.

ღონისძიებას დაესწრებიან კოალიციაში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ისევე როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ჟოზეფ ბორელი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება