ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა – ირაკლი ღარიბაშვილი

970X90

ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად წესების და ნორმების დაცვის.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა, შემდეგი რამ განვუმარტო მოსახლეობას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალური მომართვა, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა, მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეის მდგომარეობით, არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესებისა და კანონების მიხედვით. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე ვატყუებ ხალხს? არ ვიცი ის რას ამბობს, მე გეუბნებით მტკიცებულებით. არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არც ერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა ყველა დავუკმაყოფილეთ.

სამწუხაროა ის, რომ საერთოდ პირდაპირ იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ იგი უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გააკეთა, რომ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო.

970X90
გაზიარება