ოდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, ანუ ღირებულებითი თანხვედრაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ

„მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნებმა არ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტსა და იდენტობაზე. მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის ახალი ურთიერთობები იწყება, რომელიც უფრო კარგი იქნება ვიდრე აქამდე.

თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რომ მარკო რუბიოს განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, საკუთარი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიულ თანამშრომლობას შეძლებს როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან.

“დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მარკო რუბიომ განაცხადა -“სახიფათო იყო იმის დაჯერება, რომ კაცობრიობა სუვერენიტეტსა და იდენტობაზე უარს იტყოდა, რათა ლიბერალიზმის სანაცვლოდ მსოფლიო მოქალაქე გამხდარიყო”.

ამ სიტყვების მიღმა დგას იმ ლიბერალიზმის წინააღმდეგ დაგეგმილი მთელი სტრატეგია, რომელსაც მივყავდით გლობალიზაციის პიკურ სუბსტანციამდე და რომელიც ერი-სახელმწიფოების იდენტობას სრულად შთანთქავდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავუპირისპირდით არა დასავლეთს, არამედ, ლიბერალიზმის ფაშისტურ გამოვლენას, რომელიც იყო შედეგი არა ნაციონალიზაციის, არამედ, უკვე გლობალიზაციის.

მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია.

საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება და ეს იქნება ბევრად უფრო კარგი, ვიდრე აქამდე. თუმცა, არც გადამეტებული მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ ღირებულებათა თანხვედრა ორი ქვეყნის პარტნიორობას პოზიტიურად თანამშრომლობითს გახდის. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ.

თუკი ბაიდენის ადმინისტრაცია დემოკრატიის დროშის ქვეშ, სუვერენულ სახელმწიფოებზე “ლიბერალურ ძალადობას” ახორციელებდა, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყნებმა უარი არ უნდა თქვან სუვერენიტეტსა და იდენტობაზე ლიბერალიზმის მიერ შეთავაზებული “მსოფლიო მოქალაქეობის გამო”.
მარკო რუბიოს ასეთი დამოკიდებულება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს, საკუთარი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, შეეძლება დასავლეთთან და აღმოსავლეთთან პარტნიორული თანამშრომლობა.
ეს არის ბოლო პერიოდის ურთულეს პროცესებში საქართველოს ახალი მიღწევა და გვჯერა, არსებული ხელისუფლების პირობებში, ეს პოზიცია შენარჩუნებული იქნება,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება