დიმიტრი გვრიტიშვილი: 2017-2021 წლებში სასამართლო სისტემამ დიდი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით – 2012 წლის ოქტომბრამდე არსებულ ვითარებასთან მიმართებით, როცა ასეთი ცილისმწამებლური კამპანია სასამართლოს მიმართ არ ხორციელდებოდა

368
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ეხმაურება.

„2021 წლის 25 ივნისს არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა – კახა წიქარიშვილმა(ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო“) გამოაქვეყნა ფეისბუქ-სტატუსი, სადაც პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მოსაზრების გასაკრიტიკებლად დაწერა (სტილი დაცულია): ,,აშშ და ევროკავშირი იძახის, რომ მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდესო, ეს იძახის არ უნდა შეჩერდესო და რაფრა იქნება ჩვენი ამბავი თუ იცით?“. შემდეგ, ერთ-ერთი მომხმარებლის საპასუხოდ, იმავე სტატუსზე, ასევე დაწერა შემდეგი შინაარსის კომენტარი (აქაც სტილი დაცულია): ,,ჩვენი საქმე ისეა, კაცი რომ ავად იქნება და მეზობელი ურჩევს, წადი ექიმთანო, მერე შეშფოთებას გამოხატავს, რატომ არ მიდიხარო, მერე უფრო ხმამაღლა ეტყვის და ბოლოს პანღურს ამოარტყამს. მეზობელი კი ერევა ჩვენს დამოუკიდებლობაში, მაგრამ ჩვენდა საკეთილდღეოდ, შესაბამისად, პანღურიც რომ ამოგვარტყან არ უნდა გაგვიკვირდეს“.

ცხადია, ,,ავადმყოფში“ ბატონი წიქარიშვილი სასამართლო ხელისუფლებას ან საქართველოს გულისხმობს, ხოლო ,,მეზობელში“ – საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კომენტარი პრობლემურია: რატომ უნდა ეგონოს ჯანსაღი ფსიქიკის და მსოფლმხედველობის ადამიანს, რომ დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელისუფლო შტოსათვის ან სულაც სუვერენული სახელმწიფოსათვის ,,პანღურის ამოკვრას“ მოისურვებენ და განახორციელებენ? ან საერთოდ რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს ასეთი სურვილი?

წიქარიშვილი რომ არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ლიდერია, ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2020 წლის 18 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეხვდა არასამთავრობო სექტორის ლიდერებს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სწორედ კახა წიქარიშვილი. საზოგადოებისათვის ცნობილია ბატონი წიქარიშვილის კვლევები და ანგარიშები სასამართლოს შესახებ. ასეთი მსოფლმხედველობის, შეიძლება ითქვას – გაბოროტებული და მიკერძოებული ადამიანის მოსაზრებები, ან მის მიერ ჩატარებული კვლევა, ანგარიში ვინმესთვის არ შეიძლება სანდო და კომპეტენტური იყოს. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს უცხოელ პარტნიორებს მხოლოდ ასეთი, ცალმხრივი ინფორმაცია მიეწოდებათ, ხოლო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ არის სათანადო დონეზე, რაც ჩვენ მოგვცემდა უშუალო შესაძლებლობას – გვესაუბრა მიღწევებზე და გამოწვევებზე (ფაქტობრივად, გვიწევდა მხოლოდ თავდაცვით რეჟიმში ყოფნა სხვადასხვა მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და, უფრო მეტიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგითი მოსამართლე წევრები ვიყავით აბსოლუტურად იგნორირებულნი და, ზოგიერთ არამოსამართლე წევრთან შედარებით, აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებულნი), თუნდაც წარგვედგინა ნამდვილი სტატისტიკური მონაცემები, მაგალითად, უზენაეს სასამართლოში კრიზისის არსებობის შესახებ (უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თითოეულ მოსამართლეს საშუალოდ 180 საქმე აქვს წარმოებაში, სამოქალაქო საქმეთა პალატის თითოეულ მოსამართლეს – საშუალოდ 175 საქმე, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თითოეულ მოსამართლეს – საშუალოდ 350 საქმე; ეს ზოგადად, თორემ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსამართლეებს 400-ზე მეტი საქმეც კი აქვთ განსახილველად!), რადგან საქმეთა გადატვირთულობის პრობლემა შეუძლებელს ხდის – ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ შეძლოს დოქტრინარული, სამართლის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის ფაქტობრივ ანულირებას იწვევს.

P.S. მე ამომეწურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა და საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენ ჩემი საქმიანობის ანგარიშს, საიდანაც ობიექტური და გონიერი დამკვირვებელი აღმოაჩენს, რომ 2017-2021 წლებში სასამართლო სისტემამ დიდი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით – 2012 წლის ოქტომბრამდე არსებულ ვითარებასთან მიმართებით, როცა ასეთი ცილისმწამებლური, დეზინფორმაციული კამპანია სასამართლოს მიმართ არ ხორციელდებოდა და მოსამართლეთა მაშინდელ დანიშვნებთან დაკავშირებითაც არასდროს ყოფილა ასეთი მძაფრი და კატეგორიული რეაქციები, როგორც ამჟამადაა.

რეალურად, ამ 4 წლის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა – რა მიღწევები აქვს სასამართლოს, იყო მხოლოდ ტალახის სროლა და უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ბრალდებები. ერთი მხრივ, სამწუხაროა ეს ვითარება, თუმცა, მეორე მხრივ – მაძლევს უდიდეს მოტივაციას, რომ უფრო თავდადებით ვიბრძოლო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად“, – წერს გვრიტიშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება