IMG.GE IMG.GE

„გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებული აბიტურიენტების 93 პროცენტი. გვქონდა დაგვიანების ორი შემთხვევა“, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სოფო გორგოძემ აღნიშნა, მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაუშვეს ორი აბიტურიენტი.

„უკვე ერთ საათზე მეტია, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებული აბიტურიენტების 93 პროცენტი. გვქონდა დაგვიანების ორი შემთხვევა, სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში ოთხი აბიტურიენტი. რაც შეეხება გამოცდაზე არ დაშვების ფაქტს, მაღალი ტემპერატურის გამო იყო ორი ასეთი შემთხვევა მთელი საქართველოს მასშტაბით. ორივე შემთხვევა იყო 38-მდე ტემპერატურა. სად დაფიქსირდა ეს შემთხვევები კონფიდენციალურია. რამდენმა წარმოადგინა „პისიარ“ ტესტი, ამაზე ჯერ არ გვაქვს შეგროვებული ინფორმაცია.

წინა წლებში გამოცდიდან მოხსნის ძირითადი ფაქტები უკავშირდებოდა ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანას. ამ ეტაპამდე ასეთი შემთხვევა არ გვაქვს და არავინ მოგვიხსნია ამ მიზეზებით“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართულია კონდიციონერი.

„რამდენიმე სხვა საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართულია კონდიციონერები და ასეთ შემთხვევებში აბიტურიენტებს პირბადეები უკეთიათ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება