საქართველომ „ლოდინის თამაში“ უნდა ითამაშოს – განავითარეთ ქვეყანა და დაელოდეთ გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლას, – ამის შესახებ ამერიკელმა სამხედრო სტრატეგმა, ედვარდ ლუტვაკმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს მდგომარეობას უსაფრთხოს ვერ დავარქმევდი. საქართველო რუსეთის, დიდი სახელმწიფოს მეზობელია და მისი მდებარეობა შავ ზღვასთან მიმართებით გამორიცხავს სცენარს, რომლის მიხედვითაც საქართველო სრულიად დაცული იქნებოდა ნატოს მიერ. მისი პერიფერიული მდებარეობა შეუძლებელს ხდის ალიანსის მხრიდან რეალურ მხარდაჭერას. ასეთია რეალობა.
საქართველომ „ლოდინის თამაში“ უნდა ითამაშოს – განავითარეთ ქვეყანა და დაელოდეთ გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლას. საქართველოდან მანქანით სავალ მანძილზე დაახლოებით 27 ქვეყანა არსებობდა, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ. გაქრა მათი პოლიტიკური სტრუქტურა, კულტურა, ბუნება, ისინი გადაშენდნენ. საქართველო და სომხეთი გადარჩნენ, ისინი ისტორიას უძლებენ, იმის გამო, რომ მწერალი ხალხია (textual peoples) – ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი არიან ხალხები, რომლებიც ფლობენ ტექსტებს, ნაწერებს… ერები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ტერიტორიაზე, ოქროს საბადოებზე, ან კიდევ მეწარმეობასა და ზოგადად ტალანტზე – ისინი შეიძლება გადაშენდნენ. მწერალი ხალხი კი ისტორიას უძლებს. რაც მეტი ტექსტი აქვთ, მით უფრო მეტად. შემთხვევითი არაა, რომ როცა ერევანში ჩადიხარ, მთავარი რამ, რაც ქალაქის ცენტრში გხვდება, არის მატენადარანი, ბიბლიოთეკა. ეს სიმბოლური აღიარებაა პოლიტიკოსების, ბანდიტებისა თუ განგსტერების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს მართავდნენ ქვეყანას, რომ ეს, ბიბლიოთეკა, წიგნი, ტექსტი ქვეყნის არსია. ქართველებსაც აქვთ ტექსტები, ისინიც გადაურჩნენ ისტორიას და დიახ, უკეთეს დღეებს უნდა დაელოდოთ“,- ამბობს ედვარდ ლუტვაკი.
