ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც ორიენტირებულია ოზურგეთის შემდგომ განვითარებაზე

IMG.GE

გვეამაყება ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, რომელთაც არაერთხელ ასახელეს ქვეყანა და საქართველოს დროშა ამაყად ასწიეს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე. ოზურგეთელმა ათლეტებმა ეროვნული მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ჩვენმა სპორტსმენებმა შეჯიბრებებზე მოიპოვეს – 377 მედალი. მათ შორის, ეროვნულ ჩემპიონატებში 366 მედალი: 147 ოქრო, 110 ვერცხლი, 109 ბრინჯაო, საერთაშორისო ტურნირებში კი 11 მედალი: 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 8 ბრინჯაო, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

ოზურგეთის მერმა საზოგადოებას ასევე გააცნო ოზურგეთის სპორტული მიღწევების სტატისტიკა წლების მიხედვით.

2018 – 2021 წლები 484 მედალი, ეროვნული ჩემპიონატები – 470 მედალი: 154 ოქრო, 131 ვერცხლი, 185 ბრინჯაო; საერთაშორისო ტურნირები – 14 მედალი: 3 ოქრო, 4 ვერცხლი, 7 ბრინჯაო; 2022 – 2024 წლები – 1131 მედალი; ეროვნული ჩემპიონატები – 1106 მედალი: 378 ოქრო, 320 ვერცხლი, 408 ბრინჯაო; საერთაშორისო ტურნირები – 25 მედალი: 8 ოქრო, 7 ვერცხლი, 10 ბრინჯაო.

„ პროგრესი შთამბეჭდავია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჩემპიონებს, მედალოსნებს და რაც მთავარია მწვრთნელებს – ვინც უდიდესი შრომა გასწია ამ წარმატებების მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა ეტაპობრივად კიდევ უფრო გავზარდოთ სპორტზე ხელმისაწვდომობა, რათა ყველა ოჯახს ჰქონდეს საშუალება ბავშვები სპორტულ წრეებზე შეიყვანოს. ამით ხელს შევუწყობთ მოზარდთა ჯანმრთელობას და ჯანსაღ განვითარებას. ამისათვის, აქტიურად მიდმინარეობს ოზურგეთში სხვადასხვა სახის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერის თქმით, ინფრასტრუქტურის განახლებაზე მიმართული იქნება სასტარტო ბიუჯეტის 19%, რაც 8 178 000 ლარს შეადგენს.

„ ოზურგეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტების პარალელურად, ვიწყებთ ახალი პროექტების განხორციელებას, რომლის ნაწილიც უკვე დაანონსებულია. ეს პროექტებია: ძიმითში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია; შემოქმედი (ფატარის უბნის) – ბოხვაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ჯუმათში (იანეთი) შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია; ნატანებში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; დაბა ნარუჯაში მე-5 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, წმინდა გიორგის ქუჩის მე-2 შესახვევში გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის მე-3 შესახვევში გზის რეაბილიტაცია; დაბა ურეკში წერეთლის, გოგუაძის, მაგნეტიტის და ზემოურეკის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; ნაგომარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, თავართქილაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ავთანდილ თალაკვაძემ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტზეც „სტრიტ არტი ოზურგეთისთვის“ ისაუბრა, რომელიც ქალაქის იერსახის განახლების მიზნით მერიამ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, არაერთ ლოკაციაზე შესრულდა გრაფიკული ნახატები, რასაც საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

ოზურგეთის მერმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაზარალებულ ოჯახებზე გაცემული კომპენსაცია არ გახდება სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების საფუძველი.

„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას.

„ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ოჯახებს, რომელთაც სტიქიამ საცხოვრისი დაუნგრია და არ აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, კომპენსაცია გადაეცათ 50 000 ლარის ოდენობით; იმ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ან სტიქიის მომენტისთვის ჰქონდათ რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, გადაეცათ კომპენსაცია 30 000 ლარის ოდენობით.

ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 455-მა ოჯახმა (დაზარალებულთა ოდენობის 97%) უკვე შეძლო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც განაცხადთან ერთად გადაიგზავნა და მათმა დიდმა ნაწილმა უკვე მიიღო შესაბამისი კომპენსაცია,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ეკოლოგია და გარემოს დაცვა. ბიუჯეტის 12% მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს და კომუნალური სერვისების განვითარებას.

„ განხორციელდება მატერიელურ-ტექნიკური განახლება – 2025 წელს იგეგმება დამატებით 300 ერთეული ნარჩენების შემკრები კონტეინერის შეძენა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. დაინერგა დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი სისტემა, რომელმაც გააუმჯობესა მოსაკრებლის აღრიცხვისა და გადახდის პროცესი, მიღებული შემოსავალი კი სრულად მიემართება ამ სერვისის შემდგომი განვითარებისთვის,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და ახალი პროექტების ხელშეწყობაზეც ისაუბრა.

„ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის, ჩვენი გუნდი გეგმავს უფუნქციოდ დატოვებული აქტივების ჩართვას ეკონომიკაში, ტურიზმის და მათ შორის ეკოტურიზმის შემდგომ განვითარებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, მოქნილი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებას და ახალი საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის სფეროში აგროპროექტების მხარდაჭერას და მეტი დაფინანსების მოზიდვას – ეს არის ჩვენი ხედვა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სფეროში,“- აღნიშნა მერმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა.

IMG.GE
გაზიარება