IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ალბათ, საჭირო აღარც არის, რომ რუსეთის ამ ბრალდებებს ვუპასუხოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ბრალდებები აბსურდულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც გამყრელიძემ საქართველის პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიის მისამართით მოსკოვის ბრალდებებს არავითარი საფუძველი არ აქვს და რუსეთი ამას გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის მიზანშეწონილობის თვალსაზრისით იყენებს.

„მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარია პარტნიორი ლუგარში და საერთოდ, მთელი ქვეყნის მთავარი პარტნიორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები. მათი წვლილი და ღვაწლი საქართველოში ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით შექმნილი ლაბორატორიული ზედამხედველობის ქსელის ჩამოყალიბებაში, განუზომელია.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ცხოველთა და ადამიანის ჯანმრთელობის სფეროში ჩაიდო ამერიკის მთავრობის მიერ 2003 წლიდან. ეს არის 22 ლაბორატორია ქვეყანაში. 12 გახლავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 10 დაავადებათა კონტროლის ქვეშ და მათი რეფერალური ლაბორატორია გახლავთ ლუგარის ცენტრი, სადაც მაღალი დონის ბიოუსაფრთხოების მესამე დონის პრინციპების დაცვით მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები. ლუგარის ლაბორატორიამ უკვე უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებაში. სხვა რომ არაფერი, დღევანდელი კორონავირუსული პანდემია შეიძლება აღვნიშნოთ, სადაც პირველი კვლევები სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში დაიწყო. დღესაც ლუგარი მთავარია იმ ყოველდღიურ კვლევებში, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ კორონავირუსული ინფექციის ზედამხედველობის თვალსაზრისით.

ლუგარის წვლილი განუზომელია ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. ლუგარს ძალიან დიდი წვლილი აქვს ქვეყანაში განსაკუთრებით საშიში ინფექციების ზედამხედველობაში და კიდევ ბევრი სხვა. მოგეხსენებათ, ეს არ არის მარტო შენობა, ეს გახლავთ ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ, სწორედ მრავალჯერ დატრენინგებული ფუნდამენტური განათლებით, დიდი მეცნიერული გამოცდილებით. სწორედ, ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს არ მოსწონს ის, რატომ ვძლიერდებით ჩვენ ამ მიმართულებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთი და იგივე მეორდება. ჩვენ არ უნდა ვიაქტიუროთ, რომ ვუპასუხოთ ყოველ ასეთ გამოხტომებზე, თუმცა დასაფიქრებელია ეს ყველაფერი, რატომ აკეთებენ ისინი ამას“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნას, ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, გამყრელიძე ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია, ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო მისიების შემადგენლობის ფარგლებში ეწვიოს.

„რაც შეეხება მათ აქ ჩამოსვლას – რამდენჯერმე უკვე ვუპასუხეთ. ისინი მარტო ვერ ჩამოვლენ. ერთხელ უკვე იყო მათი მოწვევა, როდესაც შარშან წინ, 2018 წელს ჩატარდა ე.წ. ერთიანი შეფასება ლუგარის ცენტრის, სადაც 17 თუ 18 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, 21 ადამიანი. მაშინაც ჟენევის სამდივნომ რუსეთს შესთავაზა, მიეღოთ მონაწილეობდა. რასაც დღეს წერენ, რომ ყველა სართული და კუთხე-კუნჭული გვაჩვენეო, ყველაფერი ენახათ მაშინ რა და როგორ ტარდება. ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, მათი რეპორტი დევს ვებზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. შეუძლიათ ნახონ. ამიტომ, რუსებს იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ჩამოვლენ აქ, როგორც ჩვენი უფროსები და ზედამხედველები. კი ბატონო, საერთაშორისო მისიების შემადგენლობაში მათ შეუძლიათ ისევე მიიღონ მონაწილეობა, როგორც გერმანელებს, ფრანგებს, ინგლისელებს. რაც შეეხება რუსების ლუგარში ყოფნას, ისინი მრავალჯერ არიან იქ ნამყოფი. ნამყოფები არიან მათი მეცნიერები, ჟურნალისტები და ძალიან კარგად იციან, რას ვაკეთებთ და როგორ, რითი ვართ დაკავებული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პერიოდულად გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიზნით ასეთი გამოხტომები. ამას უზარმაზარი პოლიტიკური სარჩული აქვს და შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებსრომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ბიოლოგიურსაქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვს. ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ახსენებს. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ლუგარის ცენტრში განთავსებულია აშშ-საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევების სამმართველო.  სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქმიანობა ეწინააღმდეგება აშშ-ისა და საქართველოს ვალდებულებებს, რომლებსაც ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის მეოთხე მუხლი ითვალისწინებს.

რუსეთი ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტის ორგანიზებას ითხოვს ყველა ლაბორატორიულ კორპუსში წვდომის გარანტიების უზრუნველყოფით.

„ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში სხვა ქვეყნების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვის გარეშე (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდნენ, ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლები)“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE