„არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში, ჩვენ და ჩვენს ხალხს გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის შუაგულში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია და გასაგებია უკრაინის მიმართ ევროპელების სკეპტიკური დამოკიდებულება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ამ პროცესში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა და ევროკავშირისგან სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას ელოდება.
„ჩვენ კარგად გვესმის და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ არ არის მარტივი სიტუაცია, ბუნებრივია. დღეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. ევროპის შუაგულში, ევროპაში ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არა მარტო უკრაინას და მის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. რეალურად, ეს მთელი მსოფლიო წესრიგის დიდი გამოწვევაა. ამიტომ, ამ რეალობაში, ბუნებრივია, არსებობს სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება, შეტანა ევროპაში. პრობლემების მთელი რიგი სხვა მიმართულებები არსებობს, რომელიც ომს და ომთან დაკავშირებულ საფრთხეებს უკავშირდება. ამ პროცესში ჩვენ, საქართველომ, შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა.
მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენ და ჩვენს ხალხს. ეს არის ჩვენი დაკვეთა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამაში ჩვენ ვერავინ შეგვაცვლევინებს აზრს. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ჩვენს დასახულ გეგმას, მიზანს. ჩვენი მთავარი გზამკვლევი ამ პროცესში, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, ასოცირების შეთანხმება, (DCFTA), იგივე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის 45% ჩვენ შესრულებული გვაქვს. აი, ამ ნიშნითაც ლიდერი სახელმწიფო ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის და ასევე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. თავისუფალი ვაჭრობის შესრულების ნაწილში 50% ზე მეტი გვაქვს შესრულებული. მთელი ის ვალდებულებები, რომელიც არის ნაკისრი, გვაქვს პირნათლად შესრულებული, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სხვა უამრავი მიმართულება. იგივე, უვიზო რეჟიმის მიღებისთვის ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და ახლა, რა თქმა უნდა, დავაგვირგვინეთ, ჩვენი დაპირება, რომელიც 2024 წელს უნდა შესრულებულიყო, 2024-ში ვაპირებდით ამის შეტანას, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი.
კიდევ ერთხელ, ველოდებით ჩვენი ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტრამპის გამარჯვება მხოლოდ აშშ-ის გამარჯვება არ იყო – ძალიან კარგია, რომ...