კელი დეგნანი – მტკიცედ მოვუწოდებთ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება, როგორც არსებითად, ისე სულისკვეთებით

238
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მიზანია უფრო ძლიერი, გაუმჯობესებული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აშენება. ეს არის სამუშაო, რომლის შესრულებაც ყველას შეგვიძლია, ეს არის სამუშაო, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩის თქმით, დღევანდელი შეხვედრა იყო შესაძლებლობა, რატი ბრეგაძისთვის იუსტიციის მინისტრად დანიშვნა მიელოცა და მოესმინა მისი პრიორიტეტების შესახებ.

„25 წლის განმავლობაში აშშ მუშაობს საქართველოსთან მისი სასამართლო სისტემის განვითარებაზე, მათ შორის სისხლის სამართლის სისტემის. USAID-ის, იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის სხვა მრავალი სააგენტოს საშუალებით, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის, პენიტენციალური სისტემისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენ. ეს არის სფერო, სადაც ჩვენ ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს. სასარგებლო იყო საუბარი მინისტრთან ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე და პოტენციურად გაფართოებაზე ზოგიერთი პრიორიტეტული მიმართულებით, რომლებსაც ის განსაზღვრავს სამინისტროსთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა ასევე ისაუბრა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე.

„ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი იუსტიციის სამინისტროსთან მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში, გასული წლის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ჩვენ ვიხილეთ, თუ რა ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ სასამართლო რეფორმის დებულებებზე, რომლებიც შევიდა 19 აპრილის შეთანხმებაში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება, როგორც არსებითად, ისე სულისკვეთებით. მიზანია უფრო ძლიერი, გაუმჯობესებული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აშენება. ეს არის სამუშაო, რომლის შესრულებაც ყველას შეგვიძლია და ეს არის სამუშაო, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება